„ჩვენთან არის ძალიან ბევრი ის ნიშა, რომელიც დღეს გამოუყენებელია ტურიზმის მიმართულებით“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ახალმა კონსულტანტმა, ვალერი ჩეხერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მან მაგალითად გასტრონომიული ტურიზმი დაასახელა. „დღეს საქართველოში და განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად ხდება ყურადღების გამახვილება სუფთა საკვების მიწოდებაზე. ამას ძალიან ბევრი მომხმარებელი მოჰყვება, რომელიც მზად არის გადაიხადოს, იმიტომ, რომ იცის, სუფთა საკვები არ არის იაფი. ამიტომ, ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ფერმერული მეურნეობები, რომელიც მიბმული იქნება სასტუმროს ბიზნესზე და იმ ეკო-ტურისტულ მიმართულებებზე, რომელიც საქართველოს ძალიან ბევრი აქვს. მაგალითად, აბასთუმანი. ყოველთვის ვიცოდით, რომ ფილტვებისთვის იყო ძალიან კარგი სამკურნალო მიმართულება და ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ. ზუსტად ეს დაავადებაც, ვგულისხმობ პანდემიას, ფილტვებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, ამის მარკეტინგულად სწორად შეფუთვა, კარგ შედეგს მოგვცემს. დავოსი და აბასთუმანი – მსოფლიოში ეს ორი კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს წინ წამოვწიოთ“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს პანდემიასთან თანაცხოვრება ისე, რომ ტურიზმის განვითარებაც შესაძლებელი იყოს.
„დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ჯერ ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდეგ ტურისტების მოზიდვას. ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. ჩემი, როგორც კონსულტანტის რეკომენდაციები ამ მიმართულებით არის, რომ იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, სად შეიძლება მივიღოთ მაღალმხარჯველი ტურისტი, მხოლოდ იმ რეგიონებზე გავაკეთოთ აქცენტი და შევთავაზოთ და სად შეიძლება მივიღოთ ექსტრემის მოყვარული მოგზაურები, რომელსაც ცუდი გზა, იგივე უსინათლობა მოსწონს… ასეთი მოგზაურებიც არიან, ვინც დავუშვათ „დროში მოგზაურობს“… პარალელურ რეჟიმში კი აუცილებლად ვიმუშავებთ ახალი პროდუქტების, ახალი მიმარულებების შექმნაზე“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ “პალიტრანიუსის“ ეთერში.