LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არ მინდა, ახალგაზრდებმა უსახსრობის გამო, განათლების მიღება ვერ შეძლონ” – თემურ იკოშვილი ინგლისურს 30 ლარად ან სრულიად უფასოდ ასწავლის

1100
იკკკოოოშვილი

თემურ იკოშვილი დაბა აგარაში გაიზარდა. ამჟამად, უცხო ენების ინსტრუქტორია. დაკარგული სამყაროს ძიებაში აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდებმა უსახსრობის გამო შესაძლოა, განათლება ვერ მიიღონ და გადაწყვიტა, რომ მათ დახმარებოდა. გაკვეთილების მასალებს ხელით წერს. ჯგუფში ოთხი ეგზემპლარი რომ იყოს, სათითაოდ კალმით გადააქვს. ასახსნელ გრამატიკას კი, სტუდენტებს ფორმატის ფურცლებზე ახვედრებს.

თემურ იკოშვილი: 26 წლის ვარ. დაბა აგარაში დავიბადე და გავიზარდე. წყნარი ბავშვი ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა. წერა და ხატვა ძალიან მიტაცებდა. დედა მეუბნება, ლამის დაბადებიდან კალამი და ფურცელი გეჭირაო. ასევე, მიყვარდა თავგადასავლები. ერთხელ, ჩემს ნათესავთან ერთად, სხვა სოფელში გადავედი ფეხით. გვეგონა, რომ დაკარგული სამყარო აღმოვაჩინეთ.

როგორ გზრდიდნენ, რა იყო თქვენთვის სამაგალითო, რაც ქვეცნობიერში დაგრჩათ?

პიროვნების განვითარებაზე გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ოჯახში მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ სკოლაში სხვა ბავშვებს არ ჩამოვრჩენოდი და ყველანაირი სასწავლო ლიტერატურა მქონოდა.

როგორ აირჩიეთ პროფესია? გამოცდილების შესახებ მოგვიყევით..

უცხო ენების ინსტრუქტორობა ბედნიერებას მანიჭებს. საუნივერსიტეტო პროფესიას თუ გულისხმობთ, მართვის სპეციალისტი ვარ. პარალელურად, უცხო ენებს ვსწავლობდი. ინგლისურის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – თურქულს, რუსულს კი, დამოუკიდებლად.

მოსწავლეები გყავთ, რომლებსაც სიმბოლურად 30 ლარად, ან სრულიად უფასოდ ამეცადინებთ. საიდან გაგიჩნდათ ეს იდეა და რა არის თქვენი მიზანი?

დედაქალაქიდან მშობლიურ დაბაში დავბრუნდი – ვფიქრობ, აქაურობას მეტად გამოვადგები. 30 ლარად ვამზადებ, რადგან შეჭირვებული ოჯახის შემოსავლებით ბევრი მოსწავლე სტანდარტულ ფასს ვერ გაწვდება. არ მინდა, უსახსრობის გამო უკეთესი მომავლის პერსპექტივა დაკარგონ.

მოსწავლეებზე და სწავლის პროცესზე მომიყევით, როგორი მეთოდი გაქვთ?

ჯგუფურ მეცადინეობებს ვატარებ. დროის ორ მესამედზე მეტი სტუდენტების ჩართულობას ეთმობა – ეს იქნება დიალოგები, გამოკითხვა, თამაშები თუ სხვა აქტივობა. კომპლექსურ სწავლებას ვირჩევ, რაც უცხო ენის დაუფლებისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს მოიცავს: კითხვა, საუბარი, მოსმენა, წერა.

გაკვეთილებს ისე ვამზადებ, რომ ინფორმაციული და აგრეთვე გასართობი იყოს. მინდა, მოსწავლეებმა მაღალი ინტერესი შეინარჩუნონ და ამისთვის თავდაუზოგავად ვშრომობ.

10-დან დაწყებული 60 წლით დამთავრებული ასაკის მსმენელები მყავს. გარდა იმისა, რომ აუცილებელ ცოდნას ვუზიარებ, მათთან ერთად, მეც ვვითარდები. პერიოდულობით უკუკავშირს ვიღებ, რათა სტუდენტების სურვილები გავითვალისწინო და საჭირო რელსებზე დავრჩე.

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მოსწავლისთვის მასწავლებელი?

მასწავლებლის ფაქტორმა შესაძლოა, მოსწავლის განვითარებაში მნიშვნელოვანი, პოზიტიური ან ნეგატიური როლი ითამაშოს. განსაკუთრებით ეს ბავშვებსა და მოზარდებს ეხება. შეაქებ, შენიშვნას მისცემ თუ რჩევას, მთავარია, უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარო. თითოეული ადამიანის ყოველი მოქმედება წარმატებაა. თუნდაც,  არასწორად მიპასუხონ, ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, შეცდომა გაიაზრონ და უფრო მომზადებულები შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის ცოდნის გაზიარება უფრო გაგიმარტივდეთ?

მინდა, მათ სასწავლო ლიტერატურა უფასოდ გადავცე. თუ ამაში ვინმე დაგვეხმარება, მადლიერი ვიქნები. გარემოს რაც შეეხება, ზაფხულის სიცხეები ახლოვდება და საკლასო ოთახის გაგრილება შვებას მოგვგვრიდა. რაც გარეთაა ტემპერატურა, იმაზე მეტად საკლასო ოთახში ცხელა.

საჩუქარიც მიგიღიათ…

ნაბიჯ-ნაბიჯ ტექნოლოგიური სიახლეები გვემატება. უცხო ენების სწავლება კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული ხდება. ამას წინათ, თავისი ოჯახიდან ბიზნესმენმა ტარიელ ცალქალამანიძემ ლეპტოპი გვაჩუქა. მხარდამჭერების უზომოდ მადლიერი ვარ. ყოველი მათგანის სახელი ოქროს ასოებით იწერება ჩვენი მეგობრების ალბომში.

მადლობა გულისხმიერებისთვის.

magti 5g