LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმაღლესი განათლება თუ პროფსასწავლებელი – ბაკალავრიატის რამდენიმე პროგრამა შესაძლოა, 3 წლამდე შემცირდეს

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე მცირდება. დაგეგმილია მაგისტრატურაში სწავლების ხანგრძლივობის 1 წლამდე ან წელიწადნახევრამდე შემცირებაც. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის.

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსის, ნინო ბერელიძის, განცხადებით,  სტუდენტებმა 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყონ.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა გაწერილი არ არის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თქმით, ისინი დეტალებს ჯერ არ გასცნობიან და აღნიშნულზე უნივერსიტეტის შესაბამისმა ერთეულებმა საკუთარი პოზიცია მოგვიანებით უნდა ჩამოაყალიბონ.

ასეთივე პოზიცია აქვთ “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” ადმინისტრაციაშიც. მათი თქმით, ვინაიდან ეს ყველაფერი ჯერჯერობით ინიციატივაა, „ამ ეტაპზე არ ღირს კომენტარის გაკეთება“, თუმცა, კსუ-ში აცხადებენ, რომ ეს მოდელი ევროპაში საკმაოდ აპრობირებულია.  მათთვის ეს ინიციატივა მისაღებია.

რაც შეეხება პროგრამებს, რომელთაც შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებები შეეხოს, კსუ-ში ამბობენ, რომ  „თუ განათლების სამინსტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველა პროგრამა გადაიხედება“.

რამდენად შეიცვლება მოთხოვნა პრესტიჟულ ფაკულტეტებზე და რა მიმართულებებზე შეიძლება, სწავლების ხანგრძლივობა შემცირდეს, აღნიშნულზე “ფორტუნა” განათლების საკითხების სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას, ესაუბრა.

 

  • ბაკალავრიატში სწავლების ხანგრძლივობა სამ წლამდე, მაგისტრატურაში – ერთ წლამდე შეიძლება, შემცირდეს. თქვენი აზრით, უნდა შეეხოს თუ არა აღნიშნული ცვლილება ყველა ფაკულტეტს და მიმართულებას?

სიმონ ჯანაშია: ეს ცვლილება არ გულისხმობს იმას, რომ ბაკალავრიატში ყველა 4-წლიანი პროგრამა გახდეს 3-წლიანი და მაგისტრატურაში ყველა 2-წლიანი გახდეს 1-წლიანი. ეს ცვლილებები იმას გულისხმობს, რომ შესაძლებელი გახდება, იარსებოს 3-წლიანმა საბაკალავრო პროგრამებმა. ისევე, როგორც 3.5-წლიანი პროგრამები არსებობს, ასევე იარსებებს 1-1.5-წლიანი სამაგისტრო პროგრამები. დღესაც არსებობს 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამა განათლების მიმართულებით, მაგრამ ეს ახლა არის გამონაკლისი. ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, ცვლილებები შესაძლოა, სხვა მიმართულებებითაც იყოს. ეს არის შესაძლებლობა და არა შედეგი, რომლის მიხედვით ყველა ბაკალავრიატი იქნება 3-წლიანი. იქიდან გამომდინარე, რა კვალიფიკაციის მინიჭება იქნება განზრახული, შესაბამისად, პროგრამებმა უნდა გაიაროს აკრედიტაცია. თუ აკრედიტაციაზე ვერ აჩვენეს, რომ პროგრამებს შეუძლია, სტუდენტებს სამ წელიწადში გარკვეული კომპეტენციები განუვითაროს, მაშინ ასეთ პროგრამებს, ცხადია, აკრედიტაცია არც უნდა მისცენ. დღეს არის საკმაოდ მოუქნელი სისტემა, რომელიც იცვლება და ეს კარგია.

 

  • რამდენად შეიძლება, აღნიშნული ცვლილება შეეხოს პრესტიჟულ და მოთხოვნად ფაკულტეტებს?

სიმონ ჯანაშია: რამდენად შეიცვლება ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები, ამ ცვლილების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა, სტუდენტების ინტერესი ხშირად არის ის, რომ უნივერსიტეტი, რაც შეიძლება, სწრაფად დაამთავრონ იმიტომ, რომ სწრაფად უნდათ, გარკვეული კვალიფიკაციით შევიდნენ სამუშაო ბაზარზე. უნივერსიტეტები შესაძლოა, ასეთ მოთხოვნას პასუხობდნენ, თავად უნივერსიტეტებს რამდენად აწყობთ, რომ სამწლიანი პროგრამები ჰქონდეთ, 4-წლიანის ნაცვლად, ეს ჯერ კიდევ საფიქრალია.

აქ ორი ძირითადი საკითხია: ერთი ის, რომ, თუ ადამიანი 4 წლით აბარებს, შედარებით სტაბილური შემოსავალი აქვს 4 წლის განმავლობაში, რადგან სწავლის გადასახადი კერძო უნივერსიტეტებისთვის ძირითადი შემოსავალია. ხანგრძლივობის შემცირება, ამ თვალსაზრისით შეიძლება, არ იყოს მიმზიდველი. მეორე მხრივ, რაც უფრო დიდხანს არის სტუდენტი უნივერსიტეტში, მით უფრო დიდია შანსი, რომ ის დასაქმდება სწავლის პერიოდშივე. ძირითადად, საქმდება არა თავისი სპეციალობით, არამედ სხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ ზოგიერთი სტუდენტი ვეღარ აგრძელებს სწავლას. მომავალმა უნდა გვიჩვენოს, ამგვარი ფაქტორები როგორ იმოქმედებს უნივერსიტეტების გადაწყვეტილებაზე და ასევე, სტუდენტების გადაწყვეტილებაზე, რა პროგრამებზე ჩააბარებენ ისინი – 3-წლიანებზე, 3.5-წლიანებზე თუ 4-წლიანებზე.

 

  • როგორია მოლოდინი – უფრო ტექნიკური მიმართულებით შეიძლება სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობა შემცირდეს, თუ ჰუმანიტარული მიმართულებით?

სიმონ ჯანაშია: პროგრამა რაც უფრო პროფესიულია და ორიენტირებულია კონკრეტული პროფესიის შესწავლაზე, მით უფრო ხანმოკლე შეიძლება, იყოს იგი იმიტომ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შევიდეს ადამიანი ამ პროფესიაში. რაც უფრო მეტად არის პროგრამა ზოგად განათლებაზე მიმართული, როგორიც შეიძლება, იყოს ფილოსოფიის პროგრამა, ეს არ არის ერთი კონკრეტული პროფესიის შესწავლა. ადამიანები ამ მიმართულებაზე სწავლობენ აზროვნებას, სხვების ნააზრევს და ა.შ. ამ შემთხვევაში შეიძლება, არ იყოს საინტერესო სწავლის ხანგრძლივობის შემოკლება. თუ საუბარია, მაგალითად, ელექტროინჟინერიაზე, ამ შემთხვევაში ცხადია, რაც უფრო მოკლე იქნება პროგრამა, მით უფრო მალე შევა სტუდენტი სამუშაო ბაზარზე. 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამები შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროფესიული განათლების დანაკლისი შეივსოს.

 

  • ამ თვალსაზრისით დასავლეთის გამოცდილება როგორია?

სიმონ ჯანაშია: აშშ-ში, ძირითადად, 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამებია, მაგრამ მაგისტრატურის მიმართულებებია 1-1.5-წლიანი. არსებობს, ასევე, უფრო მოქნილი სისტემები, როდესაც ბაკალავრიატი და მაგისტრატურა მიბმულია ერთმანეთთან. შემდეგ კი სტუდენტები მაგისტრატურიდან დოქტორანტურაზე გადადიან ისე, რომ დამატებით გამოცდების ჩაბარება აღარ არის საჭირო. ევროპაში არის 3- და 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამები, მათგან 3-წლიანი პროგრამები საკმაოდ პოპულარულია და არის 1-წლიანი მაგისტრატურის პროგრამებიც, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა. ზოგან შესაძლოა, კი იყოს 1-წლიანი მაგისტრატურის პროგრამა, მაგრამ ერთგვარი ტრადიცია იყოს, რომ, მინიმუმ, ორი სამაგისტრო პროგრამა უნდა ჰქონდეს ადამიანს დამთავრებული. მაგისტრატურა, პრინციპში, არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ადამიანმა საკუთარი პროფესია და კვალიფიკაცია სწრაფად შეიცვალოს. რაც უფრო სწრაფად აკეთებს ამას, მით უკეთესია იმიტომ, რომ სამუშაო ბაზარზე როცა ახალი მოთხოვნები ჩნდება, მაგისტრატურის კურსებს სწრაფად შეუძლია, ამ მოთხოვნების შესაბამისად ხალხი გადაამზადოს.

 

  • როდესაც ვსაუბრობთ სასწავლო ხანგრძლივობის შემცირებაზე, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ თუ არა სასწავლო კრედიტების შემცირება ან პირიქით, ინტენსივობა და დატვირთვა სასწავლო პროგრამებზე უნდა გაიზარდოს?

სიმონ ჯანაშია: ორივე შემთხვევა შესაძლებელია. შესაძლებელია კრედიტების შემცირებაც და იგივე კრედიტების განაწილებაც მცირე დროზე.

უახლოეს პერიოდში განისაზღვრება იმ მიმართულებების და სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება, 3 წელიწადში მიიღწეს ბაკალავრიატისთვის საჭირო სწავლის შედეგი და გაიცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი.

 

 

თათია კაკიაშვილი

magti 5g