ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება.
კომიტეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და, აფლატოქსინებით დაბინძურებისგან თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მიერ 2020 წელს გატარებული ღონისძიებები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიის (EU) 2019/1793 განმახორციელებელი რეგულაციის I დანართში აისახება და გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ამოქმედდება.