თბილისის იერსახის დამახინჯებაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება.
“ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
კერძოდ, თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის, 50 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში კი – 1000 ლარით, 500 ლარის ნაცვლად.
იერსახის დამახინჯებად განიხილება სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.