LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო მინისტრი ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

104
1

საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

კამპანიის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სრული ინფორმირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე; ხაზი გაუსვა ვაქცინაციის როლს იმუნიზაციის პროგრამაში და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი.

ახვლედიანის განმარტებით, მარნეულში პირველად იხსნება ინტეგრაციული კომპონენტი, რომლის თემატიკაც არის ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე კოვიდპანდემიის პრევენციის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები და ვაქცინაციასთან დაკავშირებული თემატიკა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, პანდემიის პრევენციის საკითხების გაცნობა, განსაკუთრებით, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია:

“ვაქცინაციის პროცესი და ზოგადად პანდემიის პრევენციის საკითხების გაცნობის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, რადგანაც, ჩვენ ვიცით, რომ ამ პროცესის წარმატება მხოლოდ მიიღწევა თუ ამას ექნება საყოველთაო ხასიათი.

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან პრიორიტეტულია იმ ადამიანებამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომელთაც თუნდაც საკუთარ ენაზე სჭირდებათ ინფორმირება.” – თქვა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, საჭიროა ამ ადამიანებთან მაქსიმალური კომუნიკაცია, რათა მათ ჰქონდეთ სწორ და მეცნიერულად გამართულ ინფორმაციასთან წვდომა.

კულუმბეგოვის თქმითვე, შეხვედრებს სერიული ხასიათი ექნება; იქნება პირისპირ და ონლაინ შეხვედრები და მას რეგულარული ხასიათი მიეცემა.

პოპულალურები