LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული მასალების გავრცელების საკითხზე საპარლამენტო სხდომა შესაძლოა არჩევნების შემდეგ ჩატარდეს: კახა კუჭავა

55
კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს.

ამასთან, როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, შესაძლოა, ამ საკითხზე საჭირო იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნაც.

„ეს ის საკითხია, რაზეც საპარლამენტო სხდომა და მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება უბრალოდ იყოს დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავას თქმით, აღნიშნული სხდომა არჩევნების დასრულების შემდეგ ჩატარდება.

“ეს საკითხი აუცილებლად იქნება დღის წესრიგში”- კახა კუჭავა

“სხდომის მოწვევა შეუძლია დეპუტატთა 1/4-საც, თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ეს მიუთითებს იმას, რომ ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში” – აცხადებს კუჭავა.

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” წარმოადგინა ინიციატივა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოხდეს, სადაც სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს დაიბარებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია 2 ოქტომბრამდე მისი სიტყვებით, “ამ თავყრილობაში” მონაწილეობის მიღების წინააღმდეგია.

“ნაციონალური მოძრაობის” არცერთ დეპუტატს არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი და ველზე გასული,” – აცხადებს ნიკა მელია.

მელიას განცხადებას კი კრიტიკა მოჰყვა ხათუნა სამნიძის მხრიდან.

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წარმომადგენელი მელიას განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში სუს-ის უფროსის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობს.

“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადება არის უპასუხისმგებლობა და შეცდომა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რაც გვაქვს ჩვენ რომ გავაკონტროლოთ და პასუხი ვაგებინოთ, ეს არის სუს-ის ხელმძღვანელის დაბარება სესიაზე.” – ხათუნა სამნიძე

“წარმოუდგენელია რომელიმე არგუმენტი, რომელიც დაასაბუთებდა, რატომ არ გვინდა სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა პარლამენტში. ყველა ვხდებით ამომრჩეველს და ყველა დავდივართ კარდაკარ,” – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

magti 5g