საქართველოს ბიზნესასოციაცია ეხმიანება ბოლო დღეებში კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას და გმობს ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან კერძო ბიზნესზე არასამართლიან თავდასხმას, – ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც თავად ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით „საქართველოს ბიზნესასოციაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს დაიცვას ნებისმიერი წევრი კომპანიის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, ვინაიდან ასოციაციის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია წევრი კომპანიების ინტერესების ადვოკატირებაა“.
მისი თქმით, „ამ ქვეყანაში, სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესსექტორზე უსაფუძვლო თავდასხმა და ბულინგი. კერძო სექტორის წარმომადგენელზე განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა, ნიშნავს მთელს ბიზნესსექტორზე შეტევას, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას“.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ზოგადად, უაღრესად მნიშვნელოვანია კრიტიკული შეხედულებების კორექტულად გადმოცემა და ერთმანეთისადმი მეტი სოლიდარობის გამოვლენა. ასეთ სიტუაციებში უმნიშვნელოვანესია დადგინდეს კომუნიკაციის სწორი ფორმები, რომელიც, ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად, კერძო სექტორსა და ბიზნესს ჩრდილს არ მიაყენებს, რადგანაც სწორედ ბიზნესსექტორის სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევა.
„ამასთან, როგორც კომპანია “ალმას”, ასევე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, პრინციპულად მიგვაჩნია კანონის უზენაესობის პრინციპის ზედმიწევნით დაცვა და ნებისმიერი ქმედების სამართლებრივი შეფასება, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი კანონით გათვალისწინებული სანქცირების მექანიზმების გამოყენება.
შესაბამისად, მოვუწოდებთ, ერთის მხრივ, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, დროულად მიიღონ და საჯაროდ წარმოადგინონ გადაწყვეტილება, ხოლო, მეორეს მხრივ, დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ წინასწარი შეფასებებისა და კომენტარებისგან, ვინაიდან აღნიშნული შეიძლება უარყოფითად აისახოს, როგორც დამსაქმებელზე, ასევე მასში დასაქმებულ პირებზე და მათ უფლებებზე.
და ბოლოს, გვინდა შევახსენოთ ყველა მხარეს, რომ ნებისმიერი ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი არის ეკონომიკური წარმატება, რასაც ქმნის და განაპირობებს სწორედ ბიზნესსექტორი და მასში წარმოდგენილი კომპანიები. შესაბამისად, მოვუწოდებთ, როგორც სახელისუფლებო ინსტიტუტებს, ასევე სხვა ნებისმიერ სუბიექტს, ნუ განახორციელებთ უსაფუძვლო და არაობიექტურ თავდასხმებს კერძო სექტორზე, რადგან თუნდაც ერთის უფლებების შელახვა, ჯაჭვურად აისახება მთელს ბიზნესზე,“- აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე.