ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ “ნამახვანჰესის” მსგავსი დიდი პროექტები სხვა ქვეყნებშიც აწყდებიან პრობლემებს და ამაში გასაკვირი არაფერია.
სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით განუცხადა. ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენს ნებისმიერ განცხადებაში ხაზს ვუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უსაფრთხოებისთვის „ნამახვანჰესის“ პროექტი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროექტების ერთგულები ვრჩებით. თუმცა ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობას, გარემოს დამცველების კითხვებს, შეიძლება იყოს უფრო მეტად სრულყოფილი. აქეთკენ იყო მიმართული ჩვენი მცდელობები. ეს არ არის ქართული ფენომენი, მსგავსი ტიპის დიდი პროექტები სხვა ქვეყნებშიც აწყდება წინააღმდეგობას და არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ პროექტი პროცესში შეიძლება იყოს უფრო მეტად სრულყოფილი. სწორედ იმისკენაა მიმართული ჩვენი ყველა მცდელობა – მედიაცია, დამატებით კვლევები, რომ პროექტი უფრო უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება – კომპანია ENKA საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.