LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი ხმაური:შსს-თან მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა ცდად ღირს

73

მოძრაობის განცხადებით, 13 მაისის ღამეს, ისინი უკვე ფიქრობდნენ აქციის დროებით შეწყვეტის შესახებ, რა დროსაც გაიგეს, რომ მათთან შესახვედრად შს მინისტრი გიორგი გახარია მივიდოდა.

“თეთრი ხმაურის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

მეგობრებო, მხარდამჭერებო, თანამებრძოლებო, ყველას გესმით, თუ რაოდენ მძიმე და კრიზისული დღეების გადატანა მოგვიხდა ერთად: ამ დრომდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების შემთხვევები, მიზანმიმართული და ორგანიზებული თავდასხმები სოციალურ ქსელში, ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის მებრძოლ ჯგუფებზე, საკლუბო სცენაზე, რაც მოგვიანებით ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრით და კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ასეულობით მოქალაქის დარბევითა და დაკავებით დასრულდა, საზოგადოების ორდღიანი აქცია და კონტრდემონსტრაცია. გვინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ერთად გადაიტანეთ მძიმე და სტრესული წუთები, ვიდექით ერთად და გვაძლიერებდით ერთმანეთს.
აქციებით ჩვენ დღის წესრიგში მოქმედი პოლიტიკური სისტემისა და უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავსვით, მოვითხოვეთ სოციალურ კეთილდღეობასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის დღის წესრიგში დაბრუნება, როგორც ერთადერთი სწორი გზა ქვეყანაში ნარკოვითარების კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
13 მაისის აქცია განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულ ვითარებში წარიმართა. ჩვენ გვიწევდა მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში თვალი გვედევნებინა ჩვენს მიმართ აგრესიითა და სიძულვილით განწყობილი ჯგუფებისთვის, მათი აგრესიისგან დასაცავად ჩვენს შორის პოლიციის კორდონიც აღიმართა. ამის მიუხედავად ჩვენამდე მუდმივად აღწევდა ინფორმაცია აქციაზე მომავალ მხარდამჭერებზე თავდასხმების თაობაზე. ვითარება კიდევ უფრო გამწვავადა ღამით. კონტრდემონსტრანტები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და აგრესიაც უფრო მატულობდა.
ორგანიზატორების ნაწილი უკვე ვსაუბრობდით პროტესტის დროებით შეჩერებაზე, რა დროსაც შეგვატყობინეს, რომ შს მინისტრი პარლამენტში ჩვენთან შესახვედრად მოვიდა. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ განგვიცხადა რომ პოლიციის თანამშრომლებს უკვე უჭირდათ ეგზალტირებული მასის შეკავება და იძულებულნი გახდებოდნენ მათ მიმართ სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლები გამოეყენებინათ. ჩვენ აქციის დაწყებიდან მოვუწოდებდით პოლიციას, რომ არ გამოეყენებინათ ზედმეტი ძალა კონტრდემონსტრანტების მიმართ, დარბევისა და პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილი საზოგადოება მათ დარბევას ვერ დავუშვებდით, ასევე ვერაფრით დავუშვებდით თუნდაც ჰიპოთეტურად კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო თქვენი უსაფრთხოება. ვიაზრებდით, რომ აგრესიული ჯგუფების დარბევით ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საშიშროება არსებობდა როგორც ადგილზე, ასევე სამომავლოდ. დადგა კომპრომისების საჭიროება. ვითარების განმუხტვის მიზნით კი, ჩვენ პროტესტის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ.
მოგვიანებით შს მინისტრმა თავად მიმართა ჩვენს მხარდამჭერებს თხოვნით ესკალაციის საშიშროების გამო შეეწყვიტათ საპროტესტო აქცია, დემონსტრანტებმა კი მისგან სანაცვლოდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს იყო პირველი არასრულყოფილი, მაგრამ მაინც შეცდომის აღიარება პოლიტიკური სისტემის მხრიდან, რაც უპირველესად თქვენი, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არ ნიშნავს უკან დახევას, ეს იყო სტრატეგიული სვლა და ხაზგასმა ჩვენსავე ღირებულებებზე. ჩვენ არ დავუშვით სამოქალაქო დაპირისპირება და ამასთან ვაიძულეთ სისტემა წამოსულიყო დიალოგზე. კომპრომისი იყო ორმაგი. შს მინისტრისგან მივიღეთ მოლაპარაკების ფორმატის შეთავაზება, სადაც პარალელურად განიხილება ორი საკითხი:
1) 12 მაისის ღამის მოვლენების ერთობლივი განხილვა და ძალის გადამეტების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
2) ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში მიღება.
მეგობრებო, ბუნებრივია ეს არ არის ის მაქსიმუმი, რის მიღწევასაც ვითხოვდით, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგი მივიღეთ და კმაყოფილნი ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა ცდად ღირს. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ჩვენი პროტესტიც ძალაშია, პროცესი იქნება გამჭვირვალე და არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში უფრო ორგანიზებულად დავუბრუნდებით ქუჩას.
გუშინ უკვე შედგა ერთი შეხვედრა, სადაც პროცედურული საკითხები და დღის წესრიგი განვიხილეთ. შინაარსობრივი შეხვედრა 12 მაისის ოპერაციასა და დარბევაზე კლუბებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შსს-ს შორის გაიმართება დღეს 18:00 საათზე.
დასასრულს გვსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს, დემონსტრანტებს, აქციის მხარდამჭერებს, თქვენ ხართ დღეს ქვეყანაში კეთილდღეობის მიზნებისკენ მიმავალი მთავარი ძალა. მადლობა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს შემოერთებისთვის, მადლობა ემიგრანტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აქციების გამართვისთვის, მადლობა ერთგულ მედიას და პოლიციის რიგით თანამშრომლებსაც რომლებიც იცავდნენ უსაფრთხოებას.
ჩვენ ვებრძვით ძალადობრივ სისტემებს და არა ადამიანებს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები