LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ხელაღებით იყო სკოლები და ბაგა-ბაღები დაკეტილი, ისე ხელაღებით მოხდა მათი გახსნა… კარგი იქნება თუ მოსწავლეების ტესტირება დაიწყება: მეგი კავთუაშვილი

125
მეგი კავთუაშვილი

სკოლებსა და ბაგა-ბაღებში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, ფორტუნას გადაცემაში „დღის თემა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მეგი კავთუაშვილმა ისაუბრა.

მეგი კავთუაშვილის განცხადებით, როგორც ხელაღებით იყო სკოლები და ბაგა-ბაღები დაკეტილი, ისე ხელაღებით მოხდა მათი გახსნა. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ უარი თქვა თავისივე დაწესებული კრიტერიუმების შესრულებაზე, რომელთა შორისაც იყო 4%-იანი დადებითობის მაჩვენებელი, პედაგოგებში ვაქცინაციის 80%-იანი ნიშნული და რეგიონულ ჭრილში დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება.

მისივე თქმით, აღნიშნული კრიტერიუმების გაუქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მშობლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რაც მიმდინარე პროცესების გაუმჭვირვალობაზე და სახელმწიფოს მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე მიუთითებს.

იმისთვის, რომ სკოლები დისტანციურ რეჟიმზე აღარ გადავიდნენ და ბაგა ბაღების დაკეტვა არ მოხდეს, მეგი კავთუაშვილი რამდენიმე რეკომენდაციას ასახელებს, რომელიც განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია მშობლების და მასწავლებლების ვაქცინაცია, ასევე სკოლების პირბადეებით მომარაგება და კარგი იქნება თუ დაიწყება მოსწავლეების ტესტირება, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას მოახდენს.

„ჩვენ არ გვქონდა ისეთი ეპიდვითარება საქართველოში, რომ ეს სურათი არ გვქონოდა, ვგულისხმობ, საქართველოს მასშტაბით 7 სკოლისა და 90 ცალკეული კლასის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას, ხოლო 55 ბაგა-ბაღის კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დაკეტვას. ეს რიცხვები პირადად ჩემთვის მოსალოდნელიც არის.

დღეს, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ წევრმა მშობლებმა წერილიც კი გავუგზავნეთ განათლების, ასევე ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერ-მინისტრს. შევახსენეთ ის 7 ძირითადი ნაბიჯი, რაც აუცილებლად უნდა გადადგან იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო ბაღებსა და სკოლებში.

მშობლების წერილი მთავრობას – „სტატისტიკის ზრდის ფონზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რათა შევუნარჩუნოთ ბავშვებს უსაფრთხო და ბუნებრივ გარემოში განვითარების შესაძლებლობა“

საქმე იმაშია რომ, როგორც ხელაღებით იყო დახურული ბაღები და სკოლები, ასევე ხელაღებით მოხდა გახსნაც. მთავრობამ უარი თქვა თავისივე დაწესებული კრიტერიუმების შესრულებაზე, რომელთა შორისაც იყო 4%-იანი დადებითობის მაჩვენებელი, პედაგოგებში ვაქცინაციის 80%-იანი ნიშნული იყო დასახელებული ზღვარი და მესამე იყო რეგიონულ ჭრილში დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება. პირადად ჩემთვისაც და მშობლებისთვისაც გაუგებარია რატომ მოიხსნა აღნიშნული კრიტერიუმები და რატომ მოხდა ასე ხელაღებით გახსნა. შესაძლოა ამაზე ნაფიქრი აქვთ შესაბამის პირებს, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან იყო არათანმიმდევრულად გადადგმული. 

მასწავლებელიც და მშობელიც ყველანი უნდა ვთანამშრომლობდეთ, რომ ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა დავიცვათ და განათლების ბუნებრივ გარემოში მიღების საშუალება მივცეთ.

ეს პრობლემა არაა მხოლოდ განათლების სისტემის, აქ თანაბრადაა ჩართული ჯანდაცვა და ცხადია საკოორდინაციო საბჭომ უნდა იმსჯელოს თითოეულ იმ ნაბიჯზე, რასაც ახლა მე ვიტყვი:

  1. სახელმწიფომ იზრუნოს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრების პოპულარიზაციაზე სკოლის მოსწავლეთა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიზნობრივ ჯგუფებში, რათა შევძლოთ პანდემიის დამარცხება.
  2. მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გადახედვა, გაანალიზება – რამდენად შეუძლიათ ბაღებსა და სკოლებს დაწესებული რეგულაციების დაცვა. სახელმწიფო დაეხმაროს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიღებული დასკვნების შესაბამისად. უნდა მოხდეს პირბადეებით მომარაგება.
  3. ბაღებსა და სკოლებში შემუშავდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგის მექანიზმები, მათ შორის მშობლების მონაწილეობით. რათა გაიზარდოს ნდობა და გაუმჯობესდეს თანამშრომლობის ხარისხი დაწესებულებასა და ოჯახს შორის.
  4. ბაღის აღსაზრდელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყოს სავალდებულო ტესტირება ბავშვზე მორგებული მეთოდების გამოყენებით.
  5. დადგინდეს კონკრეტული პარამეტრი, თუ რა ფართის საკლასო ოთახში რამდენი მოსწავლის ყოფნაა დასაშვები ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვებს შორის უსაფრთხო ფიზიკური დისტანციის დაცვა.
  6. სახელმწიფომ გადახედოს საბიუჯეტო სახსრებს და გამონახოს ფინანსური რესურსები კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად. ეს ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც კლასში დასწრებული სწავლების დროს ფიზიკური დისტანციის დასაცავად, ისე დისტანციურად სწავლის დროს.
  7. გაიზარდოს ფსიქოლოგის როლი მოსწავლეებთან მუშაობისთვის, რათა ბაღები და სკოლები ეფექტიანად გაუმკლავდნენ ხანგრძლივი კარჩაკეტილობის შემდეგ მოსალოდნელ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს ბავშვებში.

მშობლებს გვეშინია იმისი, რომ ხვალ დავდგებით იგივე სცენარის წინაშე, რაც გასულ წელს გვქონდა. დახურავენ ისევ სკოლებს. უპირობოდ სკოლების გახსნას, ან სკოლების დახურვას აქვს ერთი ალტერნატივა, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს გეგმა, დავამთავროთ ფორსმაჟორში ცხოვრება და ჩვენთვისაც და ჩვენი შვილებისთვისაც, ასევე მასწავლებლისთვისაც უფრო სტაბილური გარემო იყოს. ამ გეგმის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება პანდემიის დასრულება“, – განაცხადა მეგი გავთუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

magti 5g