პარლამენტის წევრი, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს კრიზისს ქმნის არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან. სამნიძე უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას ციხეში არ შეშვებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ „ეს არის ღია დადასტურება რომ ქართული ოცნება მიდის დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ“. მისივე განცხადებით, ხელისუფლება არ ერიდება და თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ინტერესებს იცავენ.
კითხვაზე, რა გამოხმაურება ჰქონდათ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის შვილის ვიდეომიმართვაზე, რომელიც თავად ხათუნა სამნიძემ ჩართო, ის აცხადებს, რომ „მათ ნაწილს აღნიშნული ვიდეომიმართვა“ მოსმენილიც არ ჰქონდა.
„ძალიან რთული ვითარებაა ქვეყანაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულებისათვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები არ იდგმება ხელისუფლების მხრიდან. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომლისთვისაც წარმოუდგენელია დიალოგი, კომპრომისი, ან რაიმე ტიპის შეთანხმება მეორე მხარესთან, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ კრიზისს.
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გვესმის განცხადებები, რომ ნებისმიერი შეფასება იქნება, ფაქტის კონსტატაცია თუ სიტუაციის აღწერა ოპოზიციის მხრიდან, ეს შეფასებულია, როგორც სპეკულაცია და ტყუილი. ხელისუფლება უკვე აღარ ერიდება ღიად დაესხას თავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ინტერესებს იცავდნენ, როგორც საკუთარ ქვეყნებში ევროკავშირის სახელით, ასევე ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების დროს.
ახლაც ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს კრიზის ქმნის არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან. ამ საკითხზე ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად, ვხედავთ, რომ ხელისუფლება პრობლემას უქმნის ყველა იმ პირს, ვისაც შეიძლება მოვუსმინოთ და დავდოთ ობიექტური შეფასება.
არ უშვებენ ევროპარლამენტარს დაწესებულებაში, არ უშვებენ ექიმებს, უკრაინის სახალხო დამცველს, რაც საერთაშორისო დაპირისპირებამდეც შეიძლება მივიდეს. ეს არის ღია დადასტურება იმის, რომ ქართული ოცნება მიდის დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ და პოლიტიკური კრიზისი რომ გადაიზარდოს სახელმწიფო კრიზისში ამასაც კი არ ერიდება.
ქართულ ოცნებას შეუძლია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება არ იყოს პრობლემა, არც მისი ქვეყნის მოქალაქის, არც ევროპარლამენტარის მიერ, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი კიდევ უფრო უპირისპირდებიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და თვლის რომ ასეთი მძიმე გადაწყვეტილებებით, საკუთარი ამომრჩევლის ნაწილის გულს მოიგებს, რაც ხდება პირიქით.
ქართული ოცნება მოქმედებს პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური კრიზისი არ სრულდება და ღრმავდება შეუძლებელია ქვეყანას საფრთხე არ შეექმნას.
ხათუნა სამნიძემ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ედუარდ სააკაშვილის მიმართვის ჩანაწერი მოასმენინა
ჩემთვის გამაოგნებელი იყო, რომ მათ ნაწილს არ ჰქონდა მოსმენილი, მიხეილ სააკაშვილის შვილის ვიდეომიმართვა. ხმა, მიხეილ სააკაშვილის შვილის, რომლის განცხადებაც იყო თხოვნა, სადაც არავითარი სიძულვილი, დაპირისპირება არ იყო, უნდა ყოფილიყო გაჟღერებული საპარლამენტო დარბაზში, რომელიც იქცა ბრძოლის ველად და ერთმანეთზე თავდასხმის ადგილად. ძალიან მნიშვნელოვანად ჩავთვალე,რომ ეს თხოვნა გაეგონათ დეპუტატებს, რომლებიც არაადამიანურ განცხადებებს აკეთებენ პატიმრის მისამართით.
ხელისუფლება, რომელიც ღირსეულად არ ექცევა პატიმარს, არ აკეთებს ღირსეულ განცხადებებს და სამართლიანობის განცდას არ უტოვებს საზოგადოებას, ასეთი ხელისუფლება ძალიან ცუდად ამთავრებს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.