LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბოხი კინოში: თბილისის კინოფესტივალი ეკრანზე ბრუნდება და მასშტაბურ პროგრამას აჩვენებს

71
Capture

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დიდ ეკრანზე ინაცვლებს, მაყურებელს 60-მდე ევროპული, აზიური და, რაც მთავარია, ქართული მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის საშუალება მიეცემა. კინოფესტივალს ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ გახსნის.
ქართული კინოპანორამა წელს განსაკუთრებით მდიდარია. ფესტივალის პროგრამაში სულ ცხრა მხატვრული, ამდენივე დოკუმენტური და ორჯერ მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ევროპული კინოს ფორუმი, ჰორიზონტები, რიმეიკები, დამზადებულია გერმანიაში, ამბოხი კინოში, ანიეს ვარდას რეტროსპექტივა და კიდევ არაერთი სპეციალური კინოჩვენება – ასეთია წლევანდელი კინოფესტივალის სექციების ჩამონათვალი.

უფრო დეტალურად კინოფესტივალის გეგმებზე”ავტორადიოს” ეთერში ფესტივალის დირექტორმა ნინო ანჯაფარიძემ ისაუბრა.

პირველ რიგში, მისასალმებელი და მოსალოცია, რომ კინო დიდ ეკრანს უბრუნდება. მაყურებელი ფილმების ნახვას ცოცხლად შეძლებს…

2-წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი თავის ფიზიკურ ფორმას უბრუნდება. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, ეს წელი მართლაც ძალიან რთული იყო. ბოლო კვირამდე არც ვიცოდით, შევძლებდით თუ არა ფესტივალის ჩატარებას.

ქალბატონო ნინო, წელს რას უნდა ველოდოთ განსაკუთრებულს?

საბედნიეროდ, მოვახერხეთ საკმაოდ ვრცელი, მასშტაბური პროგრამის შედგენა. ჩვენი ტრადიციული სექციები ეს არის მსოფლიო კინოს ნამუშევრები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოდგენილი ის ფილმები, რომლებმაც ჯილდოები მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.

უცხოური პროგრამა რას მოიცავს?

ჩვენს პროგრამაში განაწილებულია როგორც ევროპული, ისე აზიური კინო. ასევე გვაქვს ჩვენი ტრადიციული სექცია – „დამზადებულია გერმანიაში“. ფესტივალის მთავარი თემა გახლავთ „ამბოხი“, ანუ ამბოხის ირგვლივ გაერთიანებული ფილმები. ასევე 90-წამიანი ფილმების კონკურსი, რომელსაც ჩვენ უკვე მეორე წელია ვატარებთ ბრიტანეთის საბჭოსთან და ბრისტოლის კინოფესტივალთან ერთად.

უცხოური ფილმების ჩვენება რა ენაზე იქნება?

უცხოურ ფილმებს ტრადიციულად, ქართული სუბტიტრებით, ორიგინალ ენაზე ვაჩვენებთ.

ყოველთვის საინტერესოა ქართული პროგრამა, წელს რას ნახავს მაყურებელი?

მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება ქართული კინომემკვიდრეობის, 20-იანი წლების აღდგენილი ფილმები. გვექნება რამდენიმე საინტერესო მასტერკლასი, ჩვენი განსაკუთრებული სტუმარი წელს გახლავთ ჰოლივუდის ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი, რომელიც მცირე და მსხვილ ბიუჯეტიანი ფილმების წარმოებაზე ისაუბრებს. ასევე გვექნება კინომცოდნეებისთვის ლექცია-მასტერკლასი „ამბოხი კინოში“. იგეგმება რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია და ქართული პანორამა, რომელიც წელს ძალიან მასშტაბურადაა წარმოდგენილი.

სად გაიმართება კინოჩვენებები და რა იქნება ბილეთების ფასი?

კინოჩვენებები 5-12 დეკემბერს, კინოთეატრ “ამირანსა” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზებში გაიმართება. ბილეთის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომი, მხოლოდ 5 ლარი იქნება.

კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა ეტაპობრივად მოხდება:
პარასკევს, 3 დეკემბერს 13:00 საათიდან გაიყიდება მხოლოდ 6 და 7 დეკემბრის ბილეთები.
ორშაბათს, 6 დეკემბერს გაიყიდება 8 და 9 დეკემბრის ბილეთები.
ოთხშაბათს, 8 დეკემბერს გაიყიდება 10, 11 და 12 დეკემბრის ბილეთები.
ბილეთები შეძენა შესაძლებელია კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში და ვებგვერდზე: www.kinoafisha.ge

კინოფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია “მწვანე პასპორტი”. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ტარდებოდა და პროგრამა ძალზე მრავალფეროვანი იყო.
2002 წელს “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ რამდენიმე თანამოაზრემ კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დააარსა, რომელმაც კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.
2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.

კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები