თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ალასანია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს.
ალასანიას გამოჩენამ სასამართლოს ეზოში მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია.
„საქართველოს აგინებდი, ერის მაგინებელი ხარ”, – ამ სიტყვებით მიმართეს ეზოში მყოფმა პირებმა ალასანიას.
სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცავებმა შეძლეს.
როგორც მესამე პრეზიდენტის ბიძამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის უცნობია, რატომ მოხდა მისი დაბარება და რა შეკითხვები აქვს გამოძიებას.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი დაკითხვა 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება, ალასანიას განმარტებით, არც ერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის და ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა.
„არ ვიცი რა შეკითხვები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე და გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, გამოძიება რაზე მიმდინარეობს, ამის მიხედვით გადავწყვიტავთ როგორ მოვიქცეთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და შინაარსობრივად არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი და უხეში მცდელობა გადაიტანონ ყურადღება შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან“, – განაცხადა თემურ ალასანიამ.
უკავშირდება თუ არა მისი საქართველოში ჩამოსვლა 21 დეკემბერს, ოპოზიციის მიერ დანიშნულ აქციას, თემურ ალასანიას განცხადებით, მას არ აინტერესებს აქცია და ქვეყანაში სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.
“21 დეკემბერს ვიცი მარტო ერთი აქცია, ჩემი დისშვილის დაბადების დღე. ჩამოვედი, რომ ჩემს დას გავუწიო დახმარება, გვედით დავუდგე და აღვნიშნოთ ოჯახში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე, აქცია არ მაინტერესებს“, – აღნიშნა თემურ ალასანიამ.
არსებული ინფორმაციით, ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე თემურ ალასანიას ესაუბრება.