წყალტუბოს პირობებში სივრცითი დოკუმენტის კონცეპტუალური პროექტი შემუშავდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა წყალტუბოს განვითარების კონცეფციაზე ისაუბრა.
„წყალტუბო ნამდვილად კარგი მაგალითია, რომლის პირობებში სივრცითი დოკუმენტის კონცეპტუალური პროექტი შემუშავდა. ამ პროცესში ჩართული იყო წარმატებული იტალიური და ქართული კომპანიები, რამდენიმე დარგის ექსპერტი. შესაბამისად, მართლაც კარგი დოკუმენტი გამოვიდა. რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ წყალტუბოზე, როგორც პერსპექტიული განვითარების საკურორტო ქალაქზე. იგი აღჭურვილი იქნება საკურორტო ქალაქისთვის დამახასიათებელი ფუნქციებით“, – განაცხადა ქარსელაძემ.
მისივე განმარტებით, ამ მიზნით მომზადებულ დოკუმენტში მათ საერთაშორისო კურორტების პრაქტიკაც გაითვალისწინეს.
„ამასთანავე, აღნიშნული კონცეპტუალური დოკუმენტი არის საფუძველი იმისთვის, რომ ერთიანი ხედვის ფარგლებში მოხდეს შესაბამისი სანატორიუმების განვითარება. აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში ეკონომიკური ნაწილიც დამუშავდა, რის საფუძველზეც უკვე ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის ქონებებს გასასხვისებლად, რომლის ფარგლებში კონცეპტუალურად მაღალი დონის სასტუმროებს მივიღებთ“, – განაცხადა ქარსელაძემ.