LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების შესახებ ცვლილებებს ვეტო დაადოს: “დროა”

95
1

პარტია “დროა” განცხადებას ავრცელებს, პარლამენტში დაგეგმილ 3 საკანონმდებლო ცვლილებას ეხმიანება და მათ საგანგაშოს უწოდებს.

“დროას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების ერთადერთი მიზანი ინსტიტუტებზე დაუფარავი თავდასხმის გზით სახელმწიფოს მიტაცებაა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხელისუფლება ცდილობს, წინასაახალწლოდ, მათი გადმოსახედიდან პოლიტიკურად არააქტიურ პერიოდში, შეტევა სამი მიმართულებით დაიწყოს:

◼  გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი;

◼  გააძლიეროს მოსამართლეებზე რეპრესიები;

◼  კვლავ შესაძლებელი გახადოს ცესკოს თავმჯდომარის ერთპიროვნულად 5 წლით არჩევა.

პარტიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტები დაჩქარებული წესით და დახურულ კარს მიღმა მომზადდა, რაც საზოგადოების ყოველგვარ ჩართულობას გამორიცხავს.

“დროა” მიესალმება პრეზიდენტის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ და მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, კანონში შესატან სამივე ცვლილებას ვეტო დაადოს:

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საერთაშორისო პარტნიორების დიდი ჩართულობისა და ძალისხმევის შედეგად, სამართალდამცავი ორგანოების კონტროლის მიზნით შეიქმნა.

ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ახლად შექმნილი ინსტიტუტი ცარიელ ფორმალობად დარჩებოდა, თუმცა სამსახურმა, ლონდა თოლორაიას ხელმძღვანელობით, დისკომფორტი შეუქმნა “ქართულ ოცნებას”.

ლექსო ლაშქარავას, ლუკა სირაძისა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საქმეზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, პირდაპირ გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი და მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შექმნას.

მორიგი დაჩქარებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში უნდა შევიდეს, ფაქტობრივად, აანონსებს მოსამართლეებზე რეპრესიებისა და ცენზურის გაძლიერებას. უმნიშვნელოვანესია, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ისე საზოგადოებამ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ 17 მოსამართლის მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მუდმივი წნეხის მიუხედავად, გაბედულად აპროტესტებენ ამ ცვლილებებს.

და ბოლოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იცვლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი, რაც გააუქმებს ფართო კონსენსუსის საჭიროებას და მმართველ პარტიას გაუადვილებს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას.

ზემოთ აღნიშნული პროცესები მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არცერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს არ დატოვებს თავდასხმის გარეშე. შემდეგი კი ომბუდსმენის აპარატი შეიძლება იყოს.

სწორედ ამიტომ, პარტია “დროა” მივესალმებით პრეზიდენტის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ და მოვუწოდებთ დაადოს ვეტო კანონში შესატან ამ და დანარჩენ ორ ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, მსგავსი პოლიტიკური სვლა მკაფიოს გახდის, რომ ერთ მხარეს დარჩენილია “ქართული ოცნება”, ხოლო მეორე მხარეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.

არ უნდა დავუშვათ, ამ პროცესმა შეუმჩნევლად ჩაიაროს, ამიტომ ჩვენ, “დროა”, აუცილებლად შევხვდებით საერთაშორისო პარტნიორებს, რათა კარგად დავანახოთ, რამხელა ნაბიჯები გადაიდგა უკან იმ პროცესში, რომელშიც ამხელა რესურსი და ძალისხმევა ჩადეს.” – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა უნდა შეწყდეს.

mazda magti 5g