მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-20 იანვარს ქვეყანაში კვლავ ამინდის არახელსაყრელი პირობებია მოსალოდნელი:
“დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი; ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება; ძლიერი ქარი; მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება”.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.