LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამისახელეთ ნებისმიერი საქმე და შევეჯიბრები ნებისმიერ კანდიდატს: უსუფაშვილის პრეზიდენტობა სანანებელი არ გახდება

105

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნები გველოდება. კანდიდატი ბევრია, თუმცა ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, გამოკვეთილი ფავორიტები ახლაც არიან. რადიო „ფორტუნას“ ეთერში კვირაში ორჯერ (სამშაბათი და ხუთშაბათი) პრეზიდენტობის ძირითად კანდიდატებს გაგაცნობთ, შევეცდებით ოდნავ განსხვავებული კუთხითაც – ცოტა პოლიტიკა, ცოტაც რა ინტერესი აქვთ და რა შეუძლიათ. მოკლედ, ბლიც კითხვების სახით გავარკვევთ – ვინ მოდის პრეზიდენტად…

პირველი გადაცემა „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს დაეთმო.

სულ წუწუნებთ, უფლებები შეუზღუდეს პრეზიდენტსო და რად გინდათ უუფლებო პრეზიდენტობა?
არასწორია, რომ პრეზიდენტს უფლებები აღარ აქვს. თუ ადრე ერთი პრეზიდენტი გვყავდა, ახლა ევროპულ მოდელზე გადავედით. ანუ მთავრობას ერთი ხელმძღვანელობს, სახელმწიფოს მეთაურია სხვა – პრეზიდენტი ან მონარქი. მე ასეთი პრეზიდენტობისთვის გამოვდგები, მგონია.

რატომ გგონიათ ასე, ანუ ყველა თვისება გაქვთ, რომ სრულყოფილი პრეზიდენტი იყოთ?
სხვებს ვჯობივარ.

რით ჯობიხართ?

საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება შევადაროთ მაგალითად 100 მეტრზე სირბილს, ვინ უფრო სწრაფად გაირბენს, ან სიმაღლეზე ხტომას, ან ცურვას. ეს არ არის შეჯიბრი რაიმე ერთ სახეობაში, ვინ არის უფრო გამოცდილი, ვის აქვს უფრო მეტი ავტორიტეტი, ან ვის აქვს უნარი კონსესუსი მოძებნოს. კანდიდატები დაახლოებით ათჭიდში უნდა შევაჯიბროთ და გავიგოთ, ჯამური ქულით ვინ არის ყველაზე უფრო ადეკვატური. ყველა ხელისუფლების დროს მიიჩნევდნენ, რომ მე რაღაც სასარგებლოს კეთება შემეძლო. პრეზიდენტს უნდა შეეძლოს ამ ქვეყნის პრეზიდენტობა, ის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, უმცირესობასთან, ხალხთან უნდა იყოს.

ყველაფერი ჩამოთვალეთ ერთი რამის გარდა…
აბა?

არ გითქვამთ, რომ კარტოფილის მოყვანა შეგიძლიათ…
ეგ ძალიან ცოტაა. მე საშუალო სკოლა სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში დავამთავრე. მე მარტო კარტოფილის მოყვანა კი არ შემიძლია.

მაშინ მითხარით, რა მოგყავთ კიდევ?
დამისახელეთ სასოფლო-სამეურნეო საქმე და შევეჯიბრები ნებისმიერ კანდიდატს, დამისახელეთ ნებისმიერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებიდან, მინის გაჭრა და ჩასმა, გახვრეტა და სწორად ჩამოკიდება, ხის ნივთების შეკეთება, სკამს თუ ფეხი მოტყდა, შევაკეთებ, ასევე სანტექნიკა…

იმდენი რაღაც ჩამოთვალეთ, გუგავა გამახსენდა, შალვა ნათელაშვილი რომ ამბობდა, ყველაფერზე გუგავა მოვაო…

არ ვიცი, ე.ი. შალვასაც სიამოვნებით შევეჯიბრები. გუგავა არ იყრის კენჭს, თორემ…

ანუ კაბინეტის პრეზიდენტი არ იქნებით…

კაბინეტში მყოფმაც უნდა იცოდეს ცხოვრება. შენ თანამოქალაქეების პრეზიდენტი ხარ, მათგან ზოგს კარტოფილი მოჰყავს, ზოგს იარაღი უჭირავს ხელში. მე სამხედრო ცხოვრების პერიპეტიებიც კარგად ვიცი.

თქვენს სახელსა და გვარზე რა ახსენდება ამომრჩეველს?

ქუჩაში რომ ვხვდები ამომრჩეველს, ისინი მეუბნებიან, რომ დაბალანსებული, გაწონასწორებული ვარ. ამ ფრაზას წინ უძღვის ან მოყვება, თქვენც დიდ პატივს გცემთ, წინ არის თინა, ბოლო ხანებში შეიცვალა ეს სიტუაცია.

მსოფლიო ისტორიიდან თუ გახსენდებათ თქვენთვის მისაბაძი პრეზიდენტი?

არა, ნამდვილად არ მახსენდება. არც ერთ ეტაპზე არ მყოლია კუმირები, მისაბაძი მაგალითები. ამიტომ არავის ვედრები, მე ვცდილობ საქმე ვაკეთო ისე, როგორც შემიძლია და ვიყო იმ საქმისთვის ადეკვატური. ამ ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და მოჯადოებული წრის გარღვევა.

ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი?

საქართველოს პრეზიდენტი მე თუ გავხდები, ქვეყანას არ ექნება სანანებელი.

ვისი პრეზიდენტობა ექნება სანანებელი, მაშინ ეს მითხარით?

ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც სახელისუფლებო რევანშს ჰპირდება ხალხს, ეს იქნება სანანებელი. კანდიდატი, რომელიც ხელისუფლებისგან იქნება დავალებული, ასევე გახდება სანანებელი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g