მმართველი გუნდის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ფეისბუკში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩობის თორმეტივე კანდიდატურა თანამდებობაზე დანიშნა.
“საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება”, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.
მმართველი პარტიის მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. როგორც მმართველი გუნდი აღნიშნავს, გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.