გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში, კასეტური იარაღი, სულ მცირე, 24-ჯერ გამოიყენა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.
“სანდო ცნობები მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს სულ მცირე 24-ჯერ უკრაინის დასახლებულ რაიონებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბაჩელეტმა უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ თვეზე მეტია, უკრაინის მოსახლეობა ნამდვილ საშინელებას განიცდის, მილიონობით ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დგება, რადგან ისინი იძულებულები არიან, დატოვონ საკუთარი სახლები ან დაიმალონ სარდაფებსა და თავშესაფრებში, რადგან მათი ქალაქები განადგურებულია.
ბაჩელეტმა რუსეთს მოუწოდა, გაითვალისწინოს გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებები და უკრაინიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ერთი თვის მანძილზე, უკვე ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა უკრაინა და მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილის სტატუსით გადასულიყო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში