LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისულელეს აკეთებ – ეუბნებოდა პუტინს ბრძენი ებრაელი: შიმონ პერესის უკანასკნელი ინტერვიუ

538
11111111F120625GPO85

შიმონ პერესის უკანასკნელი ინტერვიუ, სადაც ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, როგორ ურჩევდა ვლადიმირ პუტინს „არ მოქცეულიყო ხელმწიფესავით“, თავაზობდა დახმარებას, ხოლო რუსეთის ლიდერი უკრაინაზე, ნატო-სა და ლიბიაში დაკარგულ ფულზე წუწუნებდა. ინტერვიუ ინგლისურენოვან ისრაელურ ჟურნალ Tablet-ში გამოქვეყნდა. კრემლმაც აღიარა, რომ პრეზიდენტებს არაერთხელ უსაუბრიათ.
ვრცელი ინტერვიუ პერესის სიკვდილის მომდევნო და დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე გამოვიდა. ჟურნალისტი დევიდ სემიუელსი ისრაელის მე-9 პრეზიდენტს აგვისტოს ბოლო დღეს ესაუბრა.
ისინი საუბრობდნენ ინგლისურად, ზოგჯერ გადადიოდნენ ივრითსა და ფრანგულზე.

გამოცემამ პუბლიკაცია როშ ჰაშანათვის – ებრაული ახალი წლისთვის შემოინახა, რომელიც 3 ოქტომბერს ემთხვეოდა. 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პერესმა ინსულტი გადაიტანა და კომაში იყო, ხოლო 28-ში გარდაიცვალა. ჟურნალში მასალა გამოქვეყნდა სათაურით „უკანასკნელი ინტერვიუ“.
ისინი საუბრობდნენ მეცნიერებაზე, სირიაზე, იმაზე თუ როგორ ისწრაფვოდა ისრაელი მომავლისკენ, ხოლო ცხოვრობდა მეზობლებთან, რომლებიც უკან იხედებოდნენ. მივიდნენ ჩინეთამდე, რომლის ლიდერი პერესს რჩევას ეკითხებოდა – მან კი უთხრა: „უნდა გადაწყვიტო ვინ ხარ, ვინც იღებს თუ ვინც გასცემს. უდიდესი შეცდომაა – რამის ძალით აღება. უდიდესი სიბრძნეა რაიმეს გაცემა“.

სხვათა შორის ვინც იღებს – თემა შეცვალა ჟურნალისტმა და პერესს რუსეთის პრეზიდენტზე ჰკითხა, რომელიც „მოძველებული წესებით თამაშობს“, „გადაიარაღა არმია, შეჭამა ყირიმი, შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა ბომბავს სირიას ირანში განთავსებული ბაზებიდან“.
„და პუტინისთვის რომ გეკითხათ, ვინ ზემოქმედებს უმსხვილეს მოვლენებზე, გიპასუხებდათ: მე ვახდენ ზეგავლენას“, – საუბრობდა ჟურნალისტი და მას პერესმა გააწყვეტინა:
„თქვენ გისაუბრიათ პუტინთან?“ და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მოყვა როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ბოლოჯერ.

„მე და პუტინი კარგი მეგობრები ვართ და მოკლედ გადმოგცემთ ჩვენი ბოლო საუბრის შინაარს“.

 

მაინც ამერიკა მოიგებს: რას ხედავთ, როცა იღვიძებთ…

მე მას ვუთხარი: თქვენ 63 წლის ხართ, მე 93 -ის. მითხარით, რისი მიღწევა გსურთ უახლოესი 30 წლის განმავლობაში? რისთვის იბრძვით? იმედი გაქვთ, რომ გააღიზიანებთ აშშ-ს?
– ის მეუბნება: არა.
– აშშ-ს რუსეთის ტერიტორია სურს? არა.
– ობამასთან ურთიერთგაგების პრობლემა გაქვთ?
-რატომ მეკითხებით?
– ვუთხარი: მომისმინეთ, ჯაშუში არ ვარ, შეგიძლიათ ჩემთან ყველაფერზე ისაუბროთ.
–თქვენ რას ფიქრობთ?
– და მე ვუთხარი: თქვენი ნებისმიერი ქმედების მიუხედავად, აშშ მოიგებს.
– რატომ? – მკითხა მან
– იმიტომ, რომ ისინი ბედნიერები არიან, თქვენ არა.
….

შემდეგ გავაგრძელე:
როცა ამერიკელი დილით იღვიძებს, რას ხედავს?
სამხრეთში მექსიკაა და ისინი მექსიკელებს იღებენ საკუთარ ქვეყანაში, კანადა ჩრდილოეთშია და ის მისი ყველაზე საუკეთესო მეგობარია. მარჯვნივ და მარცხნივ კი თევზებია წყალში. რაზე უნდა ინერვიულოს ობამამ?
თქვენ კი, როცა იღვიძებთ, ვინ გყავთ მეზობლად? იაპონია, ჩინეთი, ავღანეთი. ღმერთო ჩემო! მათ იციან, რომ თქვენ გაქვთ ბევრი მიწა, მაგრამ მათ არ ეხმარებით არც ერთი კაპიკით. თქვენ გაქვთ მტკნარი წყლის 20%, მაგრამ არაფერს აძლევთ მათ. ასე რომ, როცა ციმბირში თოვლი გადნება, პირველი, რასაც იქ დაინახავთ, ჩინელები იქნებიან, რადგან აღმოსავლეთში ჩინელები ბევრი არიან, რუსები კი ცოტა.
მეორე, რაც მე მას ვუთხარი, იყო:
რუსები საშუალოდ 62 წელი ცოცხლობენ, ამერიკელები – 82-ს.

თქვენ ინვესტიციას აკეთებთ სისულელეში და გგონიათ ამას გაპატიებენ?

„თქვენ ისე გიჭირავთ თავი, როგორც მეფეს.
რას აკეთებდნენ მეფეები? მათ ააშენეს ორი ქალაქი: სანკტ-პეტერბურგი და მოსკოვი, როგორც ვიტრინა. რასაც მოინდომებთ ყველაფერს იშოვით იქ. რუსეთის დანარჩენი ტერიტორია კი ისეთია, როგორც თოვლით დაფარული ნიგერია. თქვენი ხალხი იღუპება. თქვენ არ აძლევთ მათ სიცოცხლეს. და გგონიათ გაპატიებენ ამას?
რატომაა აშშ მშვენიერი? იმიტომ, რომ ამერიკა გასცემს, რატომ აქვს ევროპას პრობლემები? იმიტომ, რომ ისინი იღებენ. აშშ გასცემს, ხალხი ფიქრობს, რომ ისინი გულუხვები არიან, მე კი მგონია, რომ ისინი ბრძენები არიან. როდესაც გასცემ, იძენ მეგობრებს, ყველაზე კარგი ინვესტიცია – მეგობრების შეძენაა.

აშშ-ს ეყო ვაჟკაცობა მიეღო მარშალის გეგმა. მათ ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს მომაკვდავ ევროპას, და ამით დაამტკიცეს, რომ ესაა ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია.
თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა იმპერია იყო, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და სხვები. ინგლისი, რომელიც გვევლინებოდა მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილ იმპერიად, დარჩა სამი კუნძულის ამარა და იმასაც არ იცის, რა უყოს.

დამიჯერეთ, ვუთხარი პუტინს, ცხოვრებაში ყველაზე დიდი დანაკარგი არის მტრები და მტრობა.
თქვენ ინვესტიციას აკეთებთ სისულელეში“.

იყავი ჩემი მეგობარი – მენლო პარკი, კალიფორნია, 2012

 

ევროპაში უნდათ, წავიდნენ, მაგრამ რად უნდათ ნატოში საქართველო?

„პუტინი ამბობს: „მისმინეთ, რა უნდათ მათ ჩემგან? რა უნდა ამ ნატოს? საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ვარშავის შეთანხმება ლიკვიდირებულია.

მე მზად ვარ გავხდე ნატოს წევრი, როგორც თქვენ! მაგრამ რად უნდათ ნატოში საქართველო? რაში სჭირდებათ რუმინეთი ნატოში? მათ სურთ ევროპაში წასვლა, დაე, წავიდნენ ევროპაში. მაგრამ რომელ ჯართან სურთ ომი?“

შემდეგ თქვა: „გგონიათ, არ ვიცოდი, რომ ყირიმი რუსეთის იყო და ის ხრუშჩოვმა უკრაინას საჩუქრად მისცა? მაგრამ ეს არ მაღელვებდა, სანამ თქვენ არ მოგინდათ უკრაინა ნატოში. რატომ? რისთვის? მე მათ არ ვეხებოდი. მათ სურდათ ევროპაში წასვლა, ვუთხარი: ძალიან კარგი, წადით ევროპაში. მაგრამ რაში დასჭირდათ ნატოში წასვლა?“

მოდი, ყველას ჯიბრზე მოიქეცი ამერიკელებივით

მე ვუთხარი პუტინს: „ყველას ჯიბრზე, რატომ არ უნდა მოიქცეთ როგორც ამერიკელები? შექმენით სხვა მთავრობა. ან რაიმე ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც კომპანიებს გაზრდის საშუალებას მისცემს. მთავრობაში პატივმოყვარე ხალხი გყავთ. ისინი კორუმპირებულები არიან და სხვებსაც კორუმპირებულებს ხდიან, არ არიან ერთგული. შექმენით კომპანიები და აკეთონ იგივე, რასაც ამერიკული კომპანიები აკეთებენ.
კარგი, თქვა მან, რას მთავაზობთ?
მე ვუთხარი: ჩვენ საუკეთესო ვართ მეცნიერებაში, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. იმუშავეთ მთავრობის მიღმა. დატოვეთ ხელისუფლება, ისინი მაინც ყველა კორუმპირებული არიან. თქვენ ვერ გაიმარჯვებთ.
ის მეუბნება: „ოკ, მოდი ვცადოთ“.

შიმონი კოცნის აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და ყვავილებს ჩუქნის – იერუსალიმი, 2009-ის მარტი

 

 

ცოტა რამ შიმონ პერესზე

ისრაელში პრეზიდენტს არასოდეს უწოდებენ „ყოფილს“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიგურა იქ ფაქტობრივად დეკორატიულია. ქვეყანას პრემიერ-მინისტრი მართავს. ეს თანამდებობა ისრაელის მე-9 პრეზიდენტს ორჯერ ეკავა.
შიმონ პერესი თავის ქვეყანაზე 25 წლით უფროსი იყო. მეტიც, მისი პოლიტიკური ბიოგრაფიაც კი მაშინ დაიწყო, როდესაც ისრაელი ჯერ კიდევ არ არსებობდა.

პოლონელი ებრაელი 1923 წელს პოლონურ დაბა ვიშნევოში დაიბადა. ახლა ეს მინსკის ოლქია, ბელარუსში. მამა მეტყევე იყო, დედა – რუსული ენის მასწავლებელი. რუსული ბავშვობიდან იცოდა. ბაბუამ, რაბინმა, პოეზია შეაყვარა, მერე ბიჭი თავადაც წერდა ლექსებს.
11 წლის იყო მშობლებმა აღქმულ მიწაზე რომ წაიყვანეს. ბაბუა ვიშნევოში დარჩა. როდესაც იქ ფაშისტები მივიდნენ, ყველა ებრაელი დახოცეს.

ახალგაზრდა შიმონი პოლონეთში, სანამ მისი ოჯახი ისრაელში ემიგრაციაში წავიდოდა

 

შიმონი და სოფია პერესები სამ შვილთან ერთად: 15 ნოემბერი, 1958

 

პერესს ისრაელის ერთ-ერთ დამაარსებელსაც უწოდებენ. ის იცნობდა ისრაელის პირველ პრემიერ დავიდ ბენ-გურიონს. სწორედ მან გაგზავნა ყმაწვილი სასწავლებლად ჰარვარდში. შტატებიდან დაბრუნებისას პერესი თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი გახდა და დაიწყო ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის შექმნა. მაშინ ისრაელი 4 წლის იყო.
თითქმის ნახევარი საუკუნე, 48 წელიწადი, ქნესეთის დეპუტატი იყო. ეკავა თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობები. მას უწოდებენ ისრაელის „მშვიდობიანი ატომის“ მამასაც. 1994 წელს მიიღო ნობელის პრემია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის (იასირ არაფატთან და იცხაკ რაბინთან ერთად).

ბედის ირონიით, ის ფაქტობრივად გარდაიცვალა იმ ხელშეკრულებების გაფორმების წლისთავზე – 13 სექტემბერს. ამ დღეს მოხდა სისხლჩაქცევა თავის ტვინში, შემდეგ ორი კვირა კომაში იყო, ისრაელი კი სასწაულზე ლოცულობდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g