უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე და ბიძინა ივანიშვილზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
პოდოლიაკის თქმით, საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს.
“ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და რა თქმა უნდა არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია, და სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს.
ჩვენ გვესმის, რომ იქნება სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია ჩვენი ვარაუდი რომ ეს მოლაპარაკებები მიდის, და მეორე უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, გვაქვს სანქციების კომისია, რომელიც აფასებს და აანალიზებს ყველაფერს, რაც ხდება სანქციების მიმართულებით, და რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება. ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული ან კომპონენტები, არამედ ეს ქართული შუამავლით, ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს“, – აცხადებს პოდოლიაკი.
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა დაზვერვის განცხადებაზე მტკიცებულების წარდგენის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ექნებათ საქართველო-რუსეთის ჩრდილოვან ურთიერთობებზე მტკიცებულებები გაასაჯაროებენ.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს საერთაშორისო პოლიტიკაა, და აქ საქმე ბევრად უფრო ფაქიზადაა. ერთია უფრო ზოგადი განცხადება, და მეორეა უკვე იურიდიულად დამტკიცებული პრეტენზიები. როცა გავიგებთ რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქმე უკვე საქართველოსა და რუსეთს შორის საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ, ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი, იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართვeლოს შორის ასეთი გვერდის ავლითი მანევრები ხორციელდება“- აღნიშნა პოდოლიაკმა.
მან საქართველოს ოპოზიციასთან კავშირზე საუბრისას, ივანიშვილის რეპუტაციასა და პოლიტიკურ ორიენტაციაზე გააკეთა აქცენტი:
„ჩვენ [უკრაინაში] ვმოქმედებთ თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნის პრინციპით. ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. ჩვენ ვაფასებთ მოქმედებებს, რომლებიც საჯაროა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იკავებს ძალიან სპეციფიკურ პოზიციას, მე ვიტყოდი, ჩვენ გვაქვს უფლება, როგორც უკრაინამ, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან გამომდინარე, შევაფასოთ ეს კომპონენტი.
საყოველთაოდ ცნობილია ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია. ცნობილია ბატონი ივანიშვილის ორიენტაცია პოლიტიკისა და საქმიანობის კუთხით და ამაზე საჯაროდ საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო თავად განსაზღვრავს რომელია მისთვის მისაღები ხელისუფლება. რა ღირებულებებს იზიარებს ეს ხელისუფლება და თვლის თუ არა ქართველი ხალხი საჭიროდ მოთმინებით მიუდგეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას და თვლის თუ არა ამას პარტნიორულ დამოკიდებულებად. ჩემთვის პასუხი აშკარაა, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის პასუხი აშკარაა.
სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, მას რჩევას ვერ მივცემ, თუმცა, ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან და რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ნამდვილად ოკუპანტია, იკავებს უცნაურ პოზიციას. უკრაინას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ოკუპანტი იყოს, ამიტომ ჩვენ გათავისუფლებისთვის ომს ვაწარმოებთ. ვაწარმოებთ ომს რადგან უკრაინის ტერიტორია იყოს სუვერენული და ხელშეუხებელი, ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც რუსეთის ფედერაციაა. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა.
ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები, ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც აქვს რეალურად ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან.“, – განაცხადა მან.
წყარო: ამერიკის ხმა