“აზოვსტალის” ქარხნიდან განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 24 საათში “აზოვსტალში” ჩარჩენილი 694 უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყების სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა და დაჭრილების შესახებაც ისაუბრა:
“მარიუპოლში, აზოვის ნაციონალისტური ქვედანაყოფის ბოევიკებმა და უკრაინელმა სამხედროებმა ჩაბარება განაგრძეს. გასული დღის განმავლობაში 694 ბოევიკი ჩაბარდა, მათ შორის 29 დაჭრილი იყო”, – თქვა მან.
კონაშენკოვის განცხადებით, სულ რაღაც ორ დღეში 959 მებრძოლმა დადო იარაღი, მათ შორის იყო 80 დაჭრილი, საიდანაც 51 მებრძოლს სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდა. სპიკერი ამბობს, რომ ისინი ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა კადრები, თუ როგორ გამოდიან უკრაინელი სამხედროები “აზოვსტალის” ქარხნიდან და დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავთ. მათ რუსი სამხედროები ჩხრეკდნენ.
უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, სამხედროები რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, მოგვიანებით კი ტყვეების გაცვლის პროგრამით, სამშობლოში დაბრუნდებიან.
აიკრძალოს „აზოვის” ჯარისკაცების გაცვლა – რუსეთის დუმის მოთხოვნა
უკრინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში