საქართველოში ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
გაბუნიას თქმით, 4 ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა კელი დეგნანთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი განიხილეს:
“მოლოდინი და განწყობა არის პოზიტიური. ვისაუბრეთ ერთობლივად, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყოს ბოლო შემთხვევა, როდესაც ასეთ უსამართლო განაჩენთან გვექნება საქმე.
მთავარი, რაც მე შემიძლია ვთქვა და გავიმეორეო, მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად დგას, ეს ნიკას თავისუფლებაა და ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს და მისი სახით შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის, რომ ნიკა და მისი სახით მედია, გათავისუფლდეს და დაუბრუნოს თავისუფლება.
ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას შეუძლია და არაერთხელ მომხდარა, რომ შესაბამისი ზეწოლა განახორციელოს და “ქართული ოცნება”დროებით მაინც, სწორ რელსებზე გადმოიყავნოს.
ელჩის პასუხებთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ამის უფლება არ მაქვს. ეს იყო დახურული შეხვედრა ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა გაბუნიამ.
ელჩთან შეხვედრა შეაფასა “ტვ პირველის” დირექტორმა, ვატო წერეთელმაც და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რომელთა შორის პრეზიდენტთან შეხვედრაცაა:
“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მე პირადად, მადლობას ვუხდი ქალბატონ ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის, ჩვენ გავცვალეთ აზრები, უფრო სწორად, მას ჩვენი სათქმელი ვუთხარით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნეს თავის ოჯახს და თავის საქმიანობას. არ შეიძლება ქვეყანაში ერთი პრეზიდენტი კვდებოდეს ციხეში, ტელევიზიის დირექტორი ციხეში იჯდეს, ჩემი ოჯახი გზად იყოს ციხისკენ, “ფორმულას” დამფუძნებელი გზად იყოს ციხისკენ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, მედია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ალბათ, სავარაუდოდ, მოვითხოვთ და თუ შეგვხვდება, ჩვენ ყველაფერს გამოვიყენებთ, იქნება ეს ზურაბიშვილთან შეხვედრა, თუ ნებისმიერ ადამიანთან, რომ ნიკა გვარამია ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის საქმიანობას”, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, დღეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. შეკრება საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტისკენ მსვლელობით გაგრძელდება.
“ვიბრძვით მთავარისთვის” – დღეს 19:00 საათზე მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართება