ჩინეთი იაფფასიან რუსულ ქვანახშირს რეკორდული რაოდენობით ყიდულობს, მაშინ, როცა დასავლური ქვეყნები მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო გმობენ და სანქციებს უწესებენ, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ცნობილი გამოცემა წერს, რომ მარტი-აპრილის პერიოდში, რუსეთიდან ჩინეთში ქვანახშირის ექსპორტი, თითქმის, გაორმაგდა და 4.42 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
ამასთან, აპრილში, მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა ეკონომიკამ არა მხოლოდ იყიდა რუსეთიდან უფრო მეტი ნახშირი ვიდრე ოდესმე, მან ასევე გააუქმა იმპორტის ტარიფები ყველა სახის ნახშირზე. ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთის ეს ნაბიჯი რუს მომწოდებლებს სარგებელს მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ქვანახშირის მთავარი მყიდველი. როგორც CNN განმარტავს, ჩინეთი ორიენტირებულია საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებაზე და ელექტროსადგურებში გამოსაყენებლად და ფოლადის საწარმოებლად ქვანახშირი სჭირდება, რაც შეეხება დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთს, მისთვის წიაღისეული საწვავის ახალი მყიდველები უკიდურესად მნიშვნელოვანია.