LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ეკა კვესიტაძეს “რუსთავი 2”-სთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

1489
ეკა-კვესიტაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სასამართლომ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სარჩელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ამის პარალელურად, საიას ცნობით, მოსარჩელეს, ეკა კვესიტაძეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ, 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა:

“საია იცავდა ჟურნალისტ, ეკა კვესიტაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეში.

მოსარჩელე 2019 წელს გათავისუფლდა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2”-დან. სარჩელით ჟურნალისტი ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას. საქმეს იხილავდა მოსამართლე ზაალ მარუაშვილი.

დღეს, 10 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია კანონიერად და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა.

ამის პარალელურად მოსარჩელეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის ახლად შექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში („მთავარი არხი“) მუშაობის გაგრძელებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკავშირდებოდა მაუწყებელში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მთელ რიგ საკადრო ცვლილებებს. რუსთავი 2-ში, არხის ახალმა მენეჯმენტმა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის სხვა თანამშრომლების მიმართაც მიიღო და ეს გადაწყვეტილება ახსნა ინტერესთა კონფლიქტით. მოსარჩელე, სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ მისი და სხვა კოლეგების სამაგალითო დასჯა ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიდან და მისი კრიტიკული ხასიათიდან გამომდინარე.

ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ხელშეკრულების უხეში დარღვევის მოტივით, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე მოპასუხის ორგანიზაციული დაქვემდებარების პირობებში მუშაობდა წლების განმავლობაში და მოვალეობებს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ მის მიმართ კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გათავისუფლებამდე გამოყენებული არასდროს ყოფილა რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

მოსარჩელე მენეჯმენტმა პირველივე ეტაპზე გამოარჩია სხვა თანამშრომლებისგან და სწორედ მას და რამდენიმე ჟურნალისტს შეუწყვიტა ხელფასის გადახდა.

ხელფასის შეწყვეტასთან ერთად მას ურჩიეს შვებულებაში გასვლა. რჩევა მოდიოდა ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლისგან, რომლის მოწმედ დაკითხვაც, სამწუხაროდ, სასამართლომ არ ისურვა. სამწუხაროდ ეს და სხვა მრავალი ფაქტობრივი გარემოება, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას.

საიასთვის სრულიად მიუღებელია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისას გაჟღერებული პოზიციები. მას შემდეგ რაც მხარეს ჩაბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, მოსარჩელე მას გაასაჩივრებს სააპელაციო წესით. იმედს ვიტოვებთ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები მიიღებენ დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

magti 5g