ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ნატოში ინტეგრაციაზე მიბმა საქართველოსთვის არა თუ კონტრპროდუქტიული, არამედ დამღუპველია, – ასე ეხმაურება უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც ნატოს “ისტორიული სამიტის” წინა დღეებში თქვა, რომ „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი და რომ ეს NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრებაა.“
როგორც ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსთვის იმ პოზიციის დაფიქსირება თითქოს ოკუპაცია შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის.
„ამ მიმართულებას ავითარებს სწორედ რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკა, როდესაც ამბობს, რომ თუკი მე დავიპყრობ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიას, მას მოვუსპობ საშუალებას ინტეგრირდეს დასავლეთში. პრინციპში, ნებისმიერი ეს „სამხედრო ოპერაცია“, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე სწორედ იქითკენ არის მიმართული.
ერთია რას ფიქრობენ ან რას აჟღერებენ ირიბად ნატოს ჩინოსნები, თუმცა მნიშვნელოვანი ასეთი განცხადება მე არ მახსენდება და მეორეა, რას უნდა ამბობდეს შენი ქვეყნის პოლიტიკოსი.
კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსთვის იმ პოზიციის დაფიქსირება თითქოს აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული პრობლემა, რუსეთის ოკუპაცია შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი ჩვენი ნატოში ინტეგრაციისთვის. ზუსტად ამ მიმართულებაზე მუშაობას რუსული პროპაგანდა, რომ დაარწმუნოს ქვეყანა და დასავლეთის ქვეყნებიც, რომ მას აქვს გადაულახავი პრობლემა იმისათვის, რომ ოდესმე გახდეს ნატოს წევრი.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ნატოში ინტეგრაცია ჯერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხარჯზე, რა რესურსი არსებობს დასავლეთის დახმარების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ნატოში ინტეგრაცია შეუძლებელია, რის დამტკიცებასაც ცდილობს რუსული პროპაგანდა. სინამდვილეში ეს ასე არ არის.
სინამდვილეში, სწორედ დასავლეთში ინტეგრაცია, ეკონომიკური, სამხედრო, სადაზვერვო თუ სხვა პოტენციალის გაერთიანება არის წინაპირობა აფხაზ და ოს ხალხებთან ერთად საერთო სახელმწიფოს შექმნისა“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.