LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეშფოთებულები ვართ.. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა“ – რა წერია დეკლარაციაშია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს ხელს

145
მიხეილ სააკაშვილი

„შეშფოთებული ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება“, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაშია ნათქვამი.

დოკუმენტს ხელს რამდენიმე წევრი აწერს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა სააკაშვილის ციხეში გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა.

„ასევე შეშფოთებული ვართ, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა,“– აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების განცხადებით, აღნიშნულის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი.

„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად,  სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ასევე შეშფოთებულები არიან ქართული დემოკრატიის მდგომარეობით.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებული მდგომარეობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე დაემუქრება.“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დეკლარაციას ხელს აწერენ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკოსი, ალექსანდრე პოციე, იტალიელი პოლიტიკოსი მარინა ბერლინგერი, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი, რუმინელი იულია ბულა, უკრაინელი პოლიტიკოსი ლესია ვასილენკა, „ევროპის კონსერვატორთა ჯგუფი და დემოკრატიული ალიანსი“ წევრი, ბრიტანელი იენ ლიდელი-გრეინჯერი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.

ევროპული საბჭოს ასამბლეის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ. ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელშიც დასაბუთებულად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ადეკვატური მკურნალობა.

„ეს არის ევროსაბჭოდან გამოგზავნილი დოკუმენტი დასაბუთებით, რომ მას გადაუდებლად ესაჭიროება სამედიცინო დახმარება. მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ყველა ექიმს, ყველა ადამიანს, ვინც იყო ამ პროცესში ჩართული, ქალბატონი ნინო ლომჯარიას, უკრაინის ომბუდსმენს, ყველა ექიმს, ყველა ადვოკატს, ვინც იყო პროცესში, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო.“ – თქვა გიული ალასანიამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია და არა ასამბლეის მოწოდება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე განმსაზღვრელი საქართველოს კანონმდებლობაა და გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვერ იქნება მიღებული.

„არანაირ ასამბლეას არ მოუწოდებია. 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილია. ასეთი პოლიტიკოსები არა მხოლოდ ევროსაბჭოში, არამედ ევროპარლამენტშიც არიან. ამაზე არაერთხელ ითქვა – არსებობს საქართველოს კანონმდებლობა და ამის მიხედვით მოქმედებს იუსტიციის სამინისტრო. პოლიტიკური მიზანშეწონილობით გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g