არის თუ არა მოსალოდნელი “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ – ჟურნალისტების ამ შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც განცხადებები არგუმენტების გარეშე კეთდება, ამ დროს, კონკრეტული პირები თუ ორგანიზაციები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აყენებენ ზიანს:
“ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – რამდენმა ადამიანმაც ან ორგანიზაციამაც უნდა თქვას, თეთრი ვერ გახდება შავი. ასე რომ, აქ მთავარი არ არის ის, ვინ რას ამბობს, მთავარია, იმის უკან არსებობს თუ არა რაიმე არგუმენტი. როდესაც არგუმენტების გარეშეა ნათქვამი და კეთდება განცხადებები, პირიქით, იქნება ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, ზიანს საკუთარ რეპუტაციას აყენებს. რაც უნდა ბევრმა გააკეთოს განცხადება, თეთრს ვერ დაარქმევენ შავს, თეთრი ყოველთვის თეთრია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი.
მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას მოგვიანებით სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
გუშინ, “მსოფლიო დემოკრატიულმა კავშირმა” (IDU) ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესოს.