ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზეა, ამიტომ საქართველოც ვერ იქნება გამონაკლისი.
„ინფლაციასთან მიმართებით უნდა შევხედოთ, რა ტენდენციები გვაქვს საქართველოში. ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ საქართველო ვერ იქნება ამ ნაწილში გამონაკლისი და კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი და მთელ მსოფლიოში ინფლაცია იყოს ნომერ პირველი პრობლემა ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, აშშ-ში, დანარჩენ მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმზეა 30-40 და 50 წლის მაქსიმუმზე, რაც კი ჰქონიათ ამ ქვეყნებს ყოველწლიური ინფლაცია. შესაბამისად, ბუნებრივია, აქ გადმოცემის ეფექტი არსებობს. ინფლაციაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის საწვავი და ზოგადად, ნავთობპროდუქტები. იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასები გაზრდილია, ეს არაპირდაპირ სხვა პროდუქტებზეც აისახება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მეორე ჯგუფი, რომელშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფლაცია, ეს არის სურსათის პროდუქტი, რომელთა მიმართებითაც ყველა ქვეყანაში ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება. „ბუნებრივია, გარკვეულწილად ამას ადგილობრივი პროდუქცია აბალანსებს, თუმცა, ინფლაციის გადმოდინება ბუნებრივია მოხდება იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს“, – დასძინა ლაშა ხუციშვილმა.