რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ.
უკვე მესამე დღეა, დაახლოებით 130 დასაქმებული ქარხნის მთავარ ოფისთან იკრიბება.
მთავარი მოთხოვნა ხელფასების 30%-იანი მატება და მეცამეტე ხელფასის დანიშვნაა.
ქარხნის თანამშრომლები პროტესტს გამოთქვამენ სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც. მათი თქმით, შრომითი პირობები უსაფრთხო არ არის, დღიური კვების რაციონი კი, არასაკმარისია.
ამასთან, როგორც გაფიცულები ამბობენ, თუ ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, მათ სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან.
აქციის მონაწილეებს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურთ.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მხარეებს შორის კომუნიკაცია არ შედგება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“გუშინ, მოთხოვნებს თან ერთოდა ის განცხადება, რომ სამომავლოდ, გაფიცულების მიმართ რაიმე რეპრესიული სახე არ მოყვეს და ეს რომ იყოს უზრუნველყოფილი. პროფკავშირები გვერდში გვიდგანან და თუ იქნება მზაობა შეხვედრასა და მოლაპარაკებაზე, ჩვენ მათთან იურისტის თანხლებით ავალთ, მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
“მესამე დღეა უშედეგოდ ვდგავართ, არავინ გამოსულა, არავინ დაინტერესდა. ახლა გვთხოვენ ერთ კვირას და ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ დაველოდებით, რადგან ერთი თვე ველოდებოდით და იცოდნენ, რომ უნდა დაგვლაპარაკებოდნენ.
არ დაინტერესდნენ და ამ შედეგამდე მივედით – ვდგავართ გარეთ, რომ მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის”, – აღნიშნავს ქარხნის კიდევ ერთი თანამშრომელი.
ადგილზე მივიდა გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი, მან გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ:
“ვუცხადებთ ყველანაირ მხარდაჭერას, სამართლებრივი თუ არასამართლებრივი კანონიერი ბერკეტებით, რითაც შეიძლება მათი უფლებები და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ახლა ველოდებით ჯანსაღ მოლაპარაკებებს ადმინისტრაციასთან, რათა ეს პრობლემები განიხილონ”, – აცხადებს პროფკავშირების წარმომადგენელი.