არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოს მოსახლე ქართველი მუსლიმი გლეხების მიწების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინეს.
ინფორმაციის თანახმად, მოსარჩელეები კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დაცული საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევაზე დაობენ. ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი კიკიბოს 7 ჰექტარამდე საძოვარი მიწები, რომლებსაც ადგილობრივი გლეხები ათწლეულის განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და იყენებდნენ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სოფელი კიკიბოს საძოვრებზე ადგილობრივი მოსახლეობის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი არ გამოიკვლიეს. მათივე ინფორმაციით, ასეთი მოკვლევის ჩატარების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობიდან და სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომელიც მიწის მართლზომიერი მფლობელის ინტერესებს საკუთრების უფლების მსგავსად იცავს.
„სოფელი კიკიბოს გლეხების საკუთრების უფლების დასაცავად სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეროვნულ სასამართლოების წინაშე აწარმოებდა საქმეს, რაც, ერთ-ერთი მოსარჩელისთვის წარმატებით დასრულდა და მან შეძლო მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე უფლების აღიარება.
თუმცა, თითქმის იდენტური გარემოებების მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს დანარჩენი ოთხი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ ოთხი მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, ექსპერტმა ვერ შეძლო ზუსტი საზღვრების დადგენა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ასეთ დროს, ადმინისტრაციულ ორგანოებს ევალებათ დაეხმარონ მართლზომიერ მფლობელებს მიწის ზუსტი საზღვრების დადგენაში“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის“ ცენტრი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო გადაწყვეტილებითა და ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის არასრულყოფილი განხილვის შედეგად, დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დაცული საკუთრების უფლება.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოსარჩელეებს, როგორც მართლზომიერ მფლობელებს, ჰქონდათ სოფელი კიკიბოს საძოვრების საკუთრებაში რეგისტრაციის ლეგიტიმური მოლოდინი. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოსთვის ამ მიწების გადაცემით, შეუძლებელი გახდა განმცხადებლების ლეგიტიმური მოლოდინის რეალიზება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე ხაზს უსვამს, რომ ადიგენის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმწირის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფელ კიკიბოს საძოვრები ქმნის მოსახლეობისათვის საბაზისო საარსებო წყაროს. ამის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულად იქნა უგულებელყოფილი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესი სოფელში არსებული ერთადერთი საძოვარი ტერიტორიით სარგებლობაზე და უპირობო უპირატესობა მიენიჭა საქართველოს საპატრიარქოს ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას.
ორგანიზაციის შეფასებით, გასათვალისწინებელია ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურული და რელიგიური კონტექსტი, სადაც სოფელ კიკიბოს მახლობლად მდებარე სოფლებში ჭელაში (2013 წელი), მოხეში (2014 წელი) და ადიგენში (2016 წელი), ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის დევნის მძიმე გამოცდილებები დაგროვდა. მათი მოსაზრებით, ამ პირობებში, საქართველოს საპატრიარქოსთვის სოფელი კიკიბოს საძოვარი მიწების გადაცემა ავლენს ადგილობრივი ეპარქიის მიმართ ჭარბი პოლიტიკური ლოიალობის ნიშნებს.