LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლალიაშვილი: ავარიების შემცირების მიუხედავად, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება, დაღუპულთა 14,5 %-ით ზრდა მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ

121
Untitled design (5)

ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყანაში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ავტოავარიების შემცირების მიუხედავად, გზებზე მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარი-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221 ადამიანი, დაშავდა 3 538 პირი.

ალიანსის ცნობითვე, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 1 194 დედაქალაქში მოხდა, დაშავდა 1 456, ხოლო დაიღუპა 34 ადამიანი.

ბოლო 6 თვეში, დაიღუპა 16 წლამდე ასაკის 10 მოზარდი, 408 მოზარდმა კი ტრავმა მიიღო.

როგორც “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები 7%-ით შემცირდა:

“მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 7%-ით, დაზიანებები 1,5 %-ით, ხოლო ლეტალობა გაზრდილია 14,5 %-ით. შემთხვევათა 7%-იანი კლების ფონზე დაღუპულთა ოდენობის 14,5 %-ით ზრდა იმას მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ავტოავარიების შემცირებისა, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება.

საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე სიკვდილიანობა მკვეთრად იზრდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ქვეყანაში შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ფონდი, რომელიც მეტი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით მიზანმიმართულად იზრუნებს „უსაფრთხო სისტემის“ დანერგვაზე, რაც ითვალისწინებს მეტ მუშაობას ინფრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე, საგზაო შემთხვევის შემდგომი პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად/კვალიფიციურად გაწევაზე და სხვა ძირეულ საკითხებზე”, – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

„ავტოავარიები და მათგან გამოწვეული მსხვერპლი ბუნებრივად შემცირდება“ – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით გამოდის

mazda magti 5g