აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილი ლევან ანწუხელიძე მამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ მამა რომ დღეს ცოცხალი ჰყავდეს, ცხოვრება – “ვფიქრობ, ბევრად უფრო განსხვავებული და შეიძლებოდა, უფრო საინტერესოც ყოფილიყო, რადგან მამა მეყოლებოდა გვერდით”.
ლევანს გმირ მამას ხშირად ადარებენ:
“ვგავარ მას ხასიათითაც და გარეგნულადაც, ვისმენ, ჯიუტი იყო, შენნაირიო”- ამბობს ლევანი და ამატებს, რომ მამასთან მეგობრული ურთიერთობა ექნებოდა, რადგან ფიქრობს, რომ მკაცრი მშობელი არ იქნებოდა.
გმირის შვილი დღევანდელ რეალობასა და საქართველოს მტერზეც საუბრობს:
“რუსეთი არის საქართველოს მტერი, არა მარტო 2008 წელს, არამედ მთელი ისტორიის მანძილზე. არ მგონია, რომ დაგვავიწყდა, უბრალოდ, ყურადღებას აღარ ვამახვილებთ, მივიწყებულია და ეს მწყინს, იმიტომ, რომ მე დავკარგე რაღაც და მამაჩემმა ეს ყველაფერი იმის ხარჯზე გააკეთა, რომ შეცვლილიყო რაღაც და ვფიქრობ, არ შეცვლილა არაფერი.
როგორც მიყვებიან, ჯარი უყვარდა ძალიან და ვფიქრობ, არ გამოტოვებდა ამ შანსს, წავიდოდა უკრაინაში და იომებდა იქაც”.