„საქკაბელის“ გუნდი 23 და 24 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში იოჰანესბურგში Power & Electricity World Africa & The Solar Show Africa გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელსაც 150 კომპანიის წარმომადგენელი და 6000-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა.
გამოფენაში „საქკაბელის“ მონაწილეობა “აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსების ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„საქკაბელის“ მმართველი დირექტორი დავით კაპანაძე “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, კომპანიის მიერ წარმოებულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„წარვადგინეთ ჩვენი პროდუქციის 25-30 დასახელების ნიმუში, რაც მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე. ინტერესდებოდნენ ჩვენი წარმოების 64 წლიანი ისტორიით, ძალიან ბევრ კომპანიასთან უკვე გავცვალეთ კონტაქტები, მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები და გადავედით სამუშაო რეჟიმში.
ვფიქრობ, ამ მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აფრიკის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, რამდენიმე სტრატეგიულ პარტნიორთან უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები შემდგომი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა “ფორტუნასთან” დავით კაპანაძემ.
“საქკაბელი” საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი საწარმოა. ქარხანა, რომელიც 1958 წელს დაარსდა ამჟამად, 74 ტიპის 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს.