პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანების გრძელი რიგები გაჩნდა რუსეთის სახმელეთო მეზობლებთან და მათ შორის საქართველოს საზღვრებთანაც ოკუპანტი ქვეყნის ათასობით მოქალაქისგან შემდგარი რიგები გაჩნდა.
რა ახალი საფრთხეების წინაშე დგას საქართველო?
ვინ არ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში?
რა ბედი ელის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებს და
რას ნიშნავს ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში?
საკითხს „კვირის თემაში“ ნინი ხუგაშვილთან ერთად განიხილავს უჩა ნანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
“საქართველომ უნდა შექმნას ერთგვარი დერეფანი” – “მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო”
„ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელისუფლების პოზიცია იყო ადეკვატური, ისინი ამ პროცესებს დღემდე აღიქვამენ, როგორც გარკვეული ტურისტების ჯგუფის შემოსვლას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც ნამდვილად არ არის ასე, ჩვენ არ ვიცით, რამდენი დივერსანტია, რამდენი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის აგენტია ამ ჯგუფებში, რომლებიც სარგებლობენ ამ ვითარებით და სურთ ლტოლვილის სტატუსით შემოსვლა“, – ასე გამოეხმაურა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბოლო დღეებში, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის მზარდ მაჩვენებელს.
უჩა ნანუაშვილის შეფასებით, „რისკები არსებობს და აუცილებელია, რომ ხელისუფლებას სათანადოდ ჰქონდეს საკითხი გააზრებული“. მისივე თქმით, დღეს „ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ იმ პოლიტიკის შედეგებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა“.
კერძოდ, უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ თავის დროზე არ მოხდა რეაგირება მთელ რიგ პრობლემებსა და რისკებზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა.
„ომის დაწყების პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ აუცილებელი იყო გარკვეული პოლიტიკის შემუშავება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იმისათვის, რომ იმ მიგრანტთა ნაკადი, რომელიც დაიძრა საქართველოსკენ მინიმუმ ყოფილიყო გაკონტროლებული და ეს პროცესი რეგულირებული. საზოგადოების გარკვეული ნაწილი სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით გამოდიოდა. დავინახეთ, რომ საქართველოს ქალაქები (თბილისი, ბათუმი) აივსო რუსი მოქალაქეებით, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არ კონტროლდება უამრავი ადამიანის შემოსვლა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რა მიზნით შემოდიან ადამიანები.
ხელისუფლება მათ ყოველთვის, როგორც ტურისტებს ისე განიხილავდა, თუმცა ტურისტს არ სჭირდება 360 დღე უვიზოდ გადაადგილდეს ქვეყანაში.
ტურისტს სჭირდება კონკრეტული ხანმოკლე ვადა, ორი კვირა, ერთი თვე და სწორედ ეს უნდა ყოფილიყო – ხანმოკლე უვიზო რეჟიმი, რაც არ მოხდა, სამწუხაროდ. პირიქით, დავინახეთ, რომ ათობით ათასი ადამიანი დამკვიდრდა საქართველოში, უძრავი ქონების ბაზარზე შეიქმნა პრობლემები, გაძვირდა პრაქტიკულად ყველა სერვისი, ქონებაც. დარეგისტრირდა ათასობით სხვადასხვა სამეწარმეო ორგანიზაცია და კომპანიები რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით, ისე რომ ეს პროცესები პრაქტიკულად, არ კონტროლდებოდა.
საქართველო იქცა ერთგვარ ჰაბად, სადაც რუსეთმა გადმოიტანა გარკვეული ბიზნესი. მათ შორის სანქციების არიდების კუთხითაც, იყო ინფორმაცია, რომ საქართველო გადაიქცა ტერიტორიად, სადაც რუსეთისთვის სანქციებიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემების განეიტრალება ხდებოდა.
ეს გარკვეულწილად, წარმატებით განხორციელდა. ხელისუფლებამ არანაირი შეზღუდვა არ განახორციელა იმ კუთხით, რომ ეს პროცესები მომხდარიყო გარკვეული რეგულაციების ჩარჩოებში“, – აღნიშნა მან.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც, პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, ახალი ფაზა დაიწყო და მანამდე შემოსულ რუსეთის მოქალაქეებსა და 21 სექტემბრის შემდგომ წამოსულ ნაკადს შორის გარკვეული პრინციპული განსხვავებები შეიძლება დავინახოთ.
„ვხედავთ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტატისტიკა გაზრდილია, კიდევ ბევრი ადამიანი მოდის. თუკი თებერვალში საქართველოში შემომსვლელთა უმრავლესობას ჰქონდა გარკვეული პრინციპული განსხვავებები იგივე პუტინის პოლიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ნაწილი მაინც იყო კრიტიკულად განწყობილი ომის მიმართ, ახლა უკვე სხვა ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც შესაძლოა, თავის დროზე თანაუგრძნობდნენ პუტინის პოლიტიკას.
ხოლო, როდესაც მათ შეეხო ეს ომი და გახდნენ ვალდებული, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ ომის დასრულებაში, გადაწყვიტეს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამ კუთხითაც რისკები ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ მოდის, რა კატეგორიის მოქალაქეებზეა საუბარი. საქართველოს უნდა ჰქონდეს სწორი პოლიტიკა ჩამოყალიბებული.
თუკი ვკითხულობთ უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ჩვენ პირველ რიგში, უნდა შემოვუშვათ ჩვენი მოქალაქეები. მოგეხსენებათ, ათასობით ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, აქვთ რუსული პასპორტი, არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები. ეს ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენთვის პრიორიტეტები.
ჩრდილოკავკასიელ მოქალაქეებს ექმნებათ პრობლემები ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ვალდებული წავიდნენ რუსეთის არმიაში და იბრძოლონ.
გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ხვედრითი წილი საკმაოდ მაღალია ომში. ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვს შორის შედარება, რომ გავაკეთოთ დავინახავთ, რომ 155-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ოსეთიდან ომში, ვიდრე მოსკოვიდან.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი პრაქტიკულად წირავს მცირე ეთნიკურ ჯგუფებს. აიძულებს რუსეთის მოსახლეობას განსაკუთრებით ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში, რომ მიიღონ ომში მონაწილეობა და იყვნენ ერთგვარი საზარბაზნე ხორცი. ეს პოლიტიკა წლების განმავლობაში ხორციელდებოდა.
რუსეთი მაქსიმალურად უფრთხილდება საკუთარ ეთნიკურ ჯგუფებს, რუსულ მოსახლეობას, ამიტომაც არის, რომ იგივე მოსკოვიდან, პეტერბურგიდან მინიმალურად მცირე რაოდენობა მონაწილეობს ომში აქედან გამომდინარე, იგივე მობილიზაცია, რომელიც 21 სექტემბრიდან გამოაცხადა პუტინმა, სწორედ ამ ჯგუფებს ეხება.
საქართველო ყოველთვის იყო ერთგვარი ფანჯარა ჩრდილო კავკასიელებისთვის. აუცილებელია გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები მათ დასახმარებლად. თუკი მივიღებთ ვინმეს, ეს ჯგუფიც უნდა იყოს გათვალისწინებული.
კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროცესების გასაკონტროლებლად უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ასეთ კრიზისულ პერიოდზე და ოკუპანტ ქვეყანაზე, აუცილებელია გადაიხედოს ის რეგულაციები, რომელიც ეხება საქართველოში უცხოელთა ყოფნას, მათ შორის ბინადრობის გაცემის მოწმობასთან დაკავშირებულს.
ასევე, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით შესაძლებელია, გარკვეული მორატორიუმიც იყოს შემოღებული.
„ჩვენ არ ვიცით, ამ ათასობით ადამიანიდან პრაქტიკულად, რამდენია საქართველოში დროებით თავშესაფრის მაძიებელი, რამდენი სთხოვს ლტოლვილის სტატუსს, რამდენი აპირებს საქართველოს ტერიტორიის ტრანზად გამოყენებას.
საქართველომ უნდა შექმნას ერთგვარი დერეფანი, რათა მოხდეს ამ ადამიანების გადინება სხვა ტერიტორიაზე, ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში შექმნილა ლტოლვილებისთვის ბანაკები, სადაც შემოსული მიგრანტების გადაჯგუფება ხდება.
ფინეთი რუს ტურისტებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს
ჩემი ინფორმაციით, ჩვენთან შემოსული ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესებულია მესამე ქვეყანაში გადასვლით, უბრალოდ სურთ ისარგებლონ ამ დერეფნით. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაკონტროლდეს ეს ნაკადები, რომელიც საქართველოში შემოდის. გამოყენებული იყოს ის პრაქტიკაც, რომელიც სხვა სახელმწიფოებმა გამოიყენეს.
ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა ჩაკეტეს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, მათთვის საქართველო უნდა იყოს ღია, ასევე, ვფიქრობ, ჩრდილოკავკასიელებზეც“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ყოფილმა სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მნიშვნელობას. უჩა ნანუაშვილის თქმით, არის რისკები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყოს მობილიზაცია, თუმცა განწყობები საკმაოდ უარყოფითია.
„როგორც ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფენ, მობილიზაცია მალე შეეხება იქ მცხოვრებლებს, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ და ასეთი, იქ ძალიან ბევრია, მათ შორის არიან ეთნიკურად ქართველები, რომლებიც ძალიან დიდი რისკის ქვეშ დგანან. მობილიზაციის პროცესი, აფხაზეთში გარკვეულწილად უკვე დაწყებულია.ამის შესახებ ინფორმაცია უკვე ღიად ვრცელდება. ანუ, რუსეთი არავის არ ეხმარება პირობების გარეშე. მას აქვს კონკრეტული მიზანი და როდესაც მას სჭირდება ძალიან კარგად იყენებს ასეთ ტერიტორიებში მცხოვრები მოსახლეობის განწყობებს. მათი მოლოდინებით მანიპულირებს.
ჩემი ინფორმაციით, ორივე რეგიონში მოსახლეობას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ისინი არ იქნებოდნენ გაწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, აფხაზეთში და ცხინვალშიც აქვს რუსული პასპორტი, დღეს დგანან სერიოზული რისკების წინაშე, რომ შესაძლოა იქნენ გაწვეული თუკი გაგრძელდა მობილიზაციის პროცესი.
ნებისმიერ მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს სოხუმში, გალში თუ ახალგორში ჩვენს მოქალაქეებად მიიჩნევიან და მათი უფლებები და ინტერესები უნდა იყოს დაცული.
ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას მმართებს სათანადო, ადეკვატური პოლიტიკის განხორციელება, იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში არ გაკეთებულა: მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ისაუბრებს იმ რისკებზე, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს.
უნდა იყოს გარკვეული კონსენსუსი საზოგადოების თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებამ გამონახოს საერთო ენა ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან. სამწუხაროდ, ამაზე კითხვები დღემდე არ მიმიღია. არ ვიცით, რამდენად ეფექტურად მუშაობენ სახელმწიფო უწყებები და რამდენად არიან მზად რისკების შესასწავლად“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.