„გავეცანი ბინძური ქოცების მიერ შეკერილ საქმის მასალებს, იმას, რაც 16 ივლისს ჩემს სახლში იარაღთან ერთად ჩამიდეს. ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ, სად მოაგროვეთ ამდენი საზიზღრობები, რა თქმა უნდა ნაცების დროინდელი“, – ამის შესახებ სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს და საზოგადოებას წერილით მიმართავს:
„ოცნების დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, „ენჯეოებს“, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს.
დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი ოცნების დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში. დამკვეთიდან შემსრულებლამდე ყველა უსასტიკესად დაისჯებით კანონით, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ჩემს სახლში შემოტანილი ეს ნაგავი ზუსტად ასახავს თქვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას, წარმოაჩენს თქვენს ბინძურ ამორალურ სახეს.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენი მხილებისათვის გადადგმული ნაბიჯის სისწორეში. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყანას მიაქანებს დაშლისკენ, განადგურებისკენ და სისხლის ღვრისკენ“, – წერს სოსო გოგაშვილი გამოქვეყნებულ წერილში.
რაც შეეხება გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმეს, სადაც პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, გოგაშვილის ინფორმაციით, ეს საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც, საიდანაც აიტვირთა, პიროვნება, ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე შოთაძეს თაროზე უდევს.
„დამნაშავე თავისუფალია, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია წლების წინ გამოიჟონა, მაგრამ არც მაშინ არ დაიჭირეს და არც ახლა არ იჭერენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ საქმეს მიაქციოს მედიამ ყურადღება, მოიკითხეთ რეალური დამნაშავე, ნუ აჰყვებით ოცნების „ფეიკ“ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე.“– აღნიშნავს სოსო გოგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სუსის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმეს – პროკურატურის ცნობით, მან „სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საქმე შექმნა.“