15-16 ოქტომბერი ფესტივალი „ჯაზი და ღვინო კახეთი“ წელს უკვე მეექვსედ გაიმართა. ღვინისა და ჯაზის მოყვარულები წინანდალში შეიკრიბნენ და აქტიური და მუსიკითა და ღვინით დამთბარი დღეები ერთად გაატარეს.
წელს პირველად ფესტივალს სტუმარი ქვეყანა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები ჰყავდა. კახეთს, 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელთან ერთად, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდა, სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan) სტუმარ-მასპინძლებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდა. წინანდლის მამულებში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 13.00 საათზე ღვინის დეგუსტაციით გაიხსნა.

შუადღეს მაყურებელმა სვინგის დედოფლად აღიარებული ელი ფრანსისის მოსმენა შეძლეს, საღამოს კი – ბოლრუმში ამერიკელი კომპოზიტორისა და პიანისტის, კაილი ოდოერტის კვინტეტის საღამო გაიმართა.
გვიან საღამოს ამფითეატრის სცენაზე ლეგენდარული გერმანული ჯგუფი „დი ფაზი“ წარდგა და მსმენელს არაჩვეულებრივი მუსიკალური გარემო შეუქმნა. „დი ფაზი“ საქართველოში არაერთხელ ყოფილა და ეს კონცერტიც, წინა გამოსვლების მსგავსად, გამორჩეული აღმოჩნდა. ჯგუფი 25 წლის იუბილეს ფარგლებში სტუმრობდა წინანდალს. ფესტივალის დიჯეი დათუნა მაჩაიძე გახლდათ.

წელს სიახლე იყო ფესტივალის პროგრამაში – „ჯაზი ბავშვებისთვის“. კეილი ოდოერტის კვინტეტმა ბავშვებს ჯაზის სამყაროში კარი შეუღო. კაილი ოდოერტი, ამერიკაში, ლინკოლნ ცენტრში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის განათლების პროგრამაზე მუშაობს.

