LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის ადამიანებიც, რომლებსაც უყვართ სეირნობა კომოს ტბაზე, მომავალში მათ მოუწევთ ბაიკალის ტბაზე სიარული – როგორ ეხმაურება ოპოზიცია ზელენსკის სანქციების სიას

325
დასანქცირება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების სიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც შედიან.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები დაასანქცირა – სანქციების დაწესებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა

მომხდარს გამოეხმაურნენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

 „ლელოს” დეპუტატმასალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „მომავალში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით”.

„ახლა უკვე, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური დეკრეტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები, მისი უახლოესი გარემოცვა მოიაზრება იმ პირებში, ვისი სანქცირებაც უნდა მოხდეს დასავლეთის მიერ, ვხედავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, როგორც პრეზიდენტი ზელენსკის, ასევე მომავალში გადაიდგმება დასავლეთის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირების და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რომ საქართველოს დღეს მართავს რუსი ოლიგარქის რეჟიმი და მას არაფერი აქვს საერთო დასავლეთთან ომში თავისუფლებისთვის და ცივილიზებული სამყაროს მომავლისთვის და თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან.

ზელენსკის განკარგულება ამის დასტურია, რადგან ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ჰქვია ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ან პარლამენტის წევრი. ქვეყანას მართავს ოლიგარქი ივანიშვილი, მისი ოჯახი და მათი დასანქცირების განკარგულებას მოეწერა დღეს ხელი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება ნიშნავს იმას, რომ „სანქციები უახლოვდება თავად ივანიშვილს და უახლოეს მომავალში ამ სანქციებს აამოქმედებენ დასავლეთის ქვეყნები“.

“მეხივით დაეცა თავს “ქართულ ოცნებას” ეს ინფორმაცია, არ ეგონათ თუ საქმე აქამდე მივიდოდა. უკრაინის მიერ ამ ადამიანების დასანქცირება ნიშნავს, რომ მას შემდეგ გაიმეორებს როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე აშშ, კანადა და ა.შ. ეს არის ფაქტრობრივად, ივანიშვილის გაფრთხილება, რომ თუ ის არ დაანებებს თავს ქვეყნის ორიენტაციის ცვლილების მცდელობას, თუ მათი მომსახურე, მორჩილი ადამიანები გააგრძელებენ ქვეყნის საზიანო პოლიტიკას, ანტიდასავლურ რიტორიკას, სიცრუის გავრცელებას, რომ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, თუ არ შეწყვეტს „ქართული ოცნების“ გამოყენებას საკუთარი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მაშინ ის დასანქცირდება.

რას ნიშნავს სანქცია ამას იგრძნობს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ იგრძნობენ ის ადამიანებიც, რომლებიც ემსახურებიან მას და ძალიან უყვართ სეირნობა ევროპაში, კომოს ტბაზე, მომავალში როცა სანქციები გავრცელდება ზოგიერთ პოლიტიკოსზე და ხელისუფლების წევრზე, მოუწევთ ბაიკალის ტბაზე, ნოვოროსიისკში, ნოვოჩერკასკსა და ციმბირში სიარული.

ივანიშვილს სანქციები უახლოვდება და ეს უკვე ეხება ირიბად მას, რადგან სანქციების განმარტებაში არის ცნება – “დაკავშირებული პირები”, ეს ადამიანები ივანიშვილთან არის დაკავშირებულნი,”- განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი პირების დასანქცირების კომენტირებისას ამბობს, რომ  ის, რომ სანქცირებულთა სიაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არ არის, ეს არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი.

მისივე თქმით, ეს არის დიდი სირცხვილი, “რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ, როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ”.

„უკრაინის ხელისუფლებისგან ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება აშშ-ს, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნების მხრიდან.

საბოლოო ჯამში ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ. მე უბრალოდ ამ მოლოდინების შექმნის მიმართ კრიტიკული ვარ, რომ ეს ჩვენთან რეალობას შეცვლის..

ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჩვენთვის არის შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ რეალობის შეცვლაზე და არა იმედების დამყარება იმაზე, რომ ეს არის ფაქტორი ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ლუკაშენკო ძალიან დიდი ხანი სანქცირებული იყო, ამიტომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის მომენტი არ უნდა გაგვეპაროს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ “ეს იყო პირველი ნაბიჯი, „წითლის ანთება“ ივანიშვილისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დაანებონ რუსეთთან ფლირტს თავი”. მისივე თქმით, ეს იყო გაფრთხილება, რომ თუ რუსეთთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, პასუხისგება მოუწევთ.

„იცით, რომ სანქციები დაწესება ხდება სამი მიზეზით:

სანქციების გვერდის ავლა, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენებისთვის ფულის გათეთრება და ფინანსური რესურსის წარმომავლობა, რაც რუსეთის სამხედრო სტრატეგიას ხმარდება. იცით, რომ მუშაობს მაკფოლის საერთაშორისო კომისია და ეს იყო პირველო ნაბიჯი, წითლის ანთება ივანიშვილისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ გააგრძელებენ რუსეთთან თანამშრომლობას – იცით, ევტუშენკოვის საუბარი ივანიშვილთან, ასეთი დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება, მათ მოუწევთ პირდაპირ პასუხისგება ამ ყველაფერზე.

ვინც გამოვა დღეს „ქართული ოცნებიდან” და იტყვის, რომ სანქციებს იმიტომ უწესებენ, რომ ომი არ დაიწყო, ეს არის საინფორმაციო დივერსია და რუსული პროპაგანდა.

დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ სურვილით არ ხდება ადამიანების სანქცირება, ეს გადაეცემა მაკფოლის საერთაშორისო კომისიის ქვემდებარეობის ქვეშ და შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებული შტატები იღებს გადაწყვეტილებას, ვის დაედოს სანქცია. ეს არის გაფრთხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომ დაანებონ რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს თავი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს – ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g