„ტირილის დრო არ არის, როდესაც სახელმწიფოს და პრეზიდენტს ვჭირდებით“, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი Telegram არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს და უკრაინას კვლავ განადგურებით ემუქრება.
გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსები უკრაინელებს საკუთარი იარაღით ანადგურებენ. ჩეჩნეთის ლიდერი პირობას დებს, რომ „მტერს ყველაფერს წაართმევს და თავს ყოველდღე დაესხმება.“
„შაიტანებს“ ტყვედ არ ავიყვანთ, დავწვავთ. არსად გავჩერდებით დონ. ჩვენი ტერიტორია არ სრულდება ზაპოროჟიესთან, არც ხერსონთან. ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა დონ. ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, რუსეთისაა დონ. ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს“, – აცხადებს რამზან კადიროვი.
ჩეჩნეთის ლიდერი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ „მაღლა მდგომი ხალხი ბრძანებას გასცემს ისე, რომ არ ესმის რა ხდება.“
„ჩვენ გვყავს მოხალისეები, რომლებიც ბოლომდე წავლენ და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკან კი არ დავიხიოთ, არამედ თავს დავესხათ და ეს იქნება ყველგან. სიკვდილით ჩვენ ყველგან დავიხოცებით, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ პატარა რესპუბლიკა გვაქვს. დღე-ღამეში სხვადასხვა მიზეზებით 16-იდან 20-მდე ადამიანი კვდება. უბრალოდ. ავარიით, ავადმყოფობით, შემთხვევით, არ ვიცი, წვებიან და ვერ იღვიძებენ…ყველანი დავიხოცებით, მაგრამ რისთვის და როგორ, ეს არის მთავარი.“– აცხადებს რამზან კადიროვი და დასძენს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ეხმარება უკრაინას, რადგან ამერიკასა და ევროპას ამდენი შესაძლებლობა და ძალა არ აქვს.“