კომპოზიტორი, მომღერალი ჯემალ სეფიაშვილი და მომღერალი ცისანა სეფიაშვილი გადაცემას „ჩვენს ოჯახში“ სტუმრობდნენ, სადაც მათ მამაშვილურ სიყვარულსა და ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ასევე, გაიხსენეს ძალიან ემოციური ისტორია, რომელიც ცისანას ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
„ჩემთვის ოჯახი სიმშვიდე, სიმყუდროვე, სიყვარული და ბედნიერებაა. ბავშვობაში ძალიან ლაღი ვიყავი, სულ სიყვარულში, მოფერებაში, სიმღერებში გავიზარდე. ყველგან მშობლებთან ერთად ვიყავი.
იყო პერიოდი, როდესაც ცხოვრებაში სირთულეები შემხვდა.
აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვიყავი. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით.
როდესაც მოსკოვში კონსილიუმი შეიკრიბა და გადაწყდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციოში ვიყავი, მამასთან გამოვედი, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი – „მე აქ არ დავრჩები, თბილისში წამიყვანე“.
ზოგადად, ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, სხვანაირად ვგრძნობთ ერთმანეთს, სხვანაირად გვესმის და თვალებით ბევრ რამეს ვეუბნებით ერთმანეთს.
ამ დრომ ჯემალს თვალებზე ცრემლები მოადგა, შეუტრიალდა ექიმებს და უთხრა – „ჩვენ არ ვიკეთებთ ოპერაციას, ჩვენ თბილისში ვბრუნდებით“, – იხსენებს ცისანა.
დიალოგში ჯემალ სეფიაშვილი ჩაერთო:
„მაშინ მოსკოვში ვმუშაობდი, მაღალჩინოსანი ვიყავი. ეგრევე, ძალიან იაფად გავყიდე ბინა და წამოვყევი თბილისში.
მივედი ეკლესიაში და ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ მომცა შესაძლებლობა გამეცა ერთგვარი შესაწირი ოჯახის კეთილდღეობისთვის“, – იხსენებს ჯემალ სეფიაშვილი.
ის დასძენს, რომ ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ვინაიდან „დირიჟორობს“ ოჯახის წევრებს, რათა სახლში სიყვარული სუფევდეს.
„ბავშვებს რომ ჰკითხოთ ვისი იმედი გაქვსო ყველაზე მეტად გიპასუხებენ – ჯემალისიო. ძალიან ბედნიერი ვარ ამით“, – აღნიშნავს ჯემალ სეფიაშვილი.