„ხელისუფლების ყველა შტო გავაკეთებთ ყველაფერს, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არის საჭირო, თუმცა შემდეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენზე არაა დამოკიდებული“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შეძლონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ვიცით ვისზეა ეს დამოკიდებული და ისიც გვახსოვს, როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს. არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა ამას. ვისმენდით მხოლოდ გაურკვეველ განმარტებებს, რომ თითქოს ადგილმდებარეობას გვიწუნებდნენ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძე გამოეხმაურა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ხელისუფლების მიმართ პრეზიდენტის კრიტიკას და განაცხადა, რომ „ამის საფუძველი არ არსებობს.“