ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აიდა მაჰმუდოვას გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „სამოთხე“ მოიცდის.
რეალობა, რომელშიც ადამიანი თავს ყველაზე ღრმად გრძნობს, სწორედ ის მხატვრული სივრცეა, რომელსაც უნივერსალურ საარსებო გარემომდე მივყავართ. საკუთარ თავში ჩაკეტილობისგან გადასარჩენად აიდა მაჰმუდოვაც ერთგვარ ლანდშაფტამდე ან ლანდშაფტის რეალობამდე მიგვიძღვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის მიერ გამოფენისთვის „სამოთხე მოიცდის“ შექმნილი ლანდშაფტის რეალობა შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან პირადი და ძნელად გასაგები ჩანდეს, ხელოვანი სინამდვილეში მე-ს პათოლოგიას აკრიტიკებს. ერთი მხრივ, ცხოვრება ჩვენს წინაშე მთელი თავისი ანატომიური რეალობით წარდგება, მეორე მხრივ კი ზოგ შემთხვევაში ცხოვრება პეიზაჟზე გაცილებით უფრო მეტს გვთავაზობს. ლანდშაფტისა და სიცოცხლის გამიჯვნის მცდელობას ერთგვარ გაუცხოებამდე მივყავართ. მთელი ცხოვრება, მთელი პირადი თუ სოციალური ისტორია ლანდშაფტთან და გეოგრაფიასთან კავშირში ვითარდება და ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის ტოვებენ ადგილს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში გამოძახილს ჰპოვებს. მაჰმუდოვას განცხადებით გეოგრაფია ცივილიზაციის არსებითი განზომილებაა და ადამიანებთან დაკავშირება სწორედ ამ გეოგრაფიის ფარგლებშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ორი დიდი ფორმატის ტილო გეოგრაფიაზე, მის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და ამასთანავე ჩვენს ყურადღებას მის სილამაზესა და საშინელებაზე ამახვილებს. ეს ტილოები, რომლებიც დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებს წარმოადგენენ, ასევე წარსულისა და მომავალის ელემენტებსაც შეიცავენ. ნახატები, რომლებიც ჰარმონიაშია ჩვენი ეპოქის დანაწევრებულ სტრუქტურასთან, ორგანიზმის ბუნებრივი ციკლის (დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი) გავლის შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნებას აღნიშნავენ.
