„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილმა ისაუბრა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 1 სექტემბრიდან, მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, მძღოლობის კანდიდატებს მანქანის ტექნიკური გამართულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
მისი განცხადებით, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე მძღოლია პასუხისმგებელი, რომელმაც უნდა იცოდეს როგორ შეამოწმოს ავტომობილი. მესხიშვილი ასევე საუბრობს ევროდირექტივებზე, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაც არის მძღოლობის კანდიდატების მიერ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე ავტოსკოლების საქმიანობის რეგულირებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ „ავტოსკოლების რეფორმის გარეშე, სანამ ხრიკებით შეიძლება აიღოს ადამიანმა მართვის მოწმობა, მომავალი მძღოლების კომპეტენციის ნაწილში გარდამტეხ შედეგს ვერ მივიღებთ“.
„ის, რომ მძღოლობის კანდიდატმა იცოდეს მაგ, ზეთის გასინჯვა, ან მოსთხოვონ ან სად არის ხელის მუხრუჭი, მოხვევის მაჩვენებელი მუშაობს თუ არა გამართულად, მაშინ მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს აქამდეც უნდა დანერგილიყო.
450 დაღუპულია ყოველწლიურად გზებზე და ბევრი შემთხვევა ხდება იმის გამო, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავია. ავტომობილის ტექინსპექტირებიდან ტექინსპექტირებამდე პასუხისმგებელი ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე უნდა იყოს მძღოლი, რომელმაც უნდა იცოდეს რა შეამოწმოს ავტომობილი. საბურავი როგორი უნდა იყოს ეს ხომ უნდა იცოდეს მძღოლობის კანდიდატმა.
ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, არის ევროდირექტივების მოთხოვნა შესაბამისი და ევროკავშირის ქვეყნებში მძღოლებმა ეს ყველაფერი იციან. ელემენტარულ ცოდნაზეა ლაპარაკი და ვფიქრობ, რომ სწორია ეს მოთხოვნა.
მინდა შევახსენო ადამიანებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არ აღიარებენ ჩვენს მართვის მოწმობას, შეიძლება 1 თვით ისარგებლოთ, მაგრამ იქ, რომ იყვნენ და იმუშაონ, აუცილებლად მოსთხოვენ ახალი მართვის მოწმობის აღებას, რადგან ჩვენი მართვის მოწმობა ჯერ არ შეესაბამება მათ მოთხოვნებს და საგამოცდო სისტემას.
მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ცვლილება მძღოლების კვალიფიციურობის ნაწილში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. თვითმარქვია ავტოსკოლები, რომლებიც რეგულირებას არ ექვემდებარებიან. ავტოსკოლების რეფორმის გარეშე, სანამ, ხრიკებით შეიძლება აიღოს ადამიანმა მართვის მოწმობა, გარდამტეხ შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ თითოეულ დადებით ცვლილებას მაინც დადებითად ვხვდები. მათ შორის რეალურ მოძრაობაში პრაქტიკული გამოცდის ჩატარებასაც“, – განაცხადა მესხიშვილმა.