LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან გამიხარდა, როცა ჩემს შეთავაზებას დათანხმდა” – რატომ მიიწვია სტეფანემ კლიპში გია სურამელაშვილი

62
სტეფანე-&-გია

29 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს სტეფანე სტუმრობდა სიმღერის „გაიღიმე“ პრემიერით.

– სტეფანე, როგორ ემზადებით დაგეგმილი კონცერტისთვის?

– კონცერტი 3 დეკემბერს გაიმართება Mono Hall-ში და სრულიად განსხვავებულ პროგრამას შევთავაზებთ პუბლიკას. მიხარია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, რადგან მსმენელს მართლაც არაჩვეულებრივი საღამო ელის.

– ძალიან უყვარხართ პუბლიკას, რაც თქვენი კონცერტების მასშტაბურობითაც ხშირად მტკიცდება. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს თქვენს წარმატებას?

– ვფიქრობ, მთავარი გულწრფელობაა. სწორედ გულწრფელი გრძნობა და ემოცია ხიბლავს პუბლიკას ყველაზე მეტად.

– კარგად მახსოვს თქვენი კონცერტი ბათუმში, როცა რამდენიმე საათით ჩაქრა სინათლე, თუმცა მაყურებელს არც უფიქრია დაშლა,

– მართალია, უზარმაზარი სტრესი განვიცადე და საერთოდ არ მინდა იმ კონცერტის გახსენება, მაგრამ უდიდეს მადლობას ვუხდი, ყველას, ვინც დისკომფორტის მიუხედავად გვიან ღამითაც ჩვენთან არჩია დარჩენა.

– რატომ გადაწყვიტეთ კლიპში გია სურამელაშვილის მიწვევა?

– გიას მიწვევა დიდი ხანია მინდა. პირველად მსგავსი იდეა 5 წლის წინ გამოჩნდა, თუმცა შესაფერისი სიმღერა არ მქონდა. გიას ძალიან განსხვავებული იმიჯი აქვს, რომელიც ყოველთვის ყურადღებას იქცევს, ამიტომ მისი გამოყენებასაც ცოდნა უნდა. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემს შეთავაზებას დათანხმდა, თვითონაც მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა სხვის შეთავაზებას.

– როგორ შეიქმნა ახალი სიმღერის კლიპი?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სიმღერაზე Metro Production-თან და ჩემს უსაყვარლეს მეგობრებთან ერთად ვიმუშავე. სწორედ მათთან ერთად გავაკეთე უძლიერესი პროექტები, რომელთაგან ერთ MTV-ზე მოხვდა და პირველი ქართული კლიპი გახდა MTV Europe-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, მეორე ვიდეო კი, სპეციალურად ფილმისთვის “არენა“ შეიქმნა, თუმცა „გაიღიმე“ მაინც ყველას გვირჩევნია. ვიდეო რეჟისორმა გიორგი მეშველიანმა გადაიღო ზუსტად იმ აპარატურით, რომელიც ჰოლივუდში გამოიყენება, ამიტომ კლიპიც ჰოლივუდური გამოვიდა. მართალია, ვიდეო ძალიან სწრაფად – ორ დღეში გადავიღეთ და სამ დღეში დავამონტაჟეთ, მაგრამ ძალიან შრომატევადი სამუშაო გავწიეთ.

– როგორ მოიძიეთ პერსონაჟები?

– მე მხოლოდ იდეა მივაწოდე გიორგის, დანარჩენზე კი, თვითონ იზრუნა. მხოლოდ ერთი პირობა მქონდა – არ მინდოდა მცოდნოდა ვინ მიიღებდა ვიდეოში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, გია სურამელაშვილის გარდა.

– რა არის სიმღერის და ვიდეოს მთავარი გზავნილი?

– მთავარი მესიჯის ამოცნობა მაყურებლისთვის მიმინდვია. ვფიქრობ, ყველა თვითონ გააკეთებს დასკვნას და იმას დაინახავს, რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი. მართალია, ფონად კლიპს მეტად დეპრესიული გარემო და სასოწარკვეთილება გასდევს, მაგრამ ჩვენ მაინც ღიმილით უნდა ვიცხოვროთ. ძალიან მომეწონა შეფასება, რომელიც კლიპის პრემიერაზე Prime House-ში გაკეთდა. სწორედ იქ აღინიშნა რომ კლიპში ბედნიერი სევდაა ნაჩვენები, რომელიც ალბათ ბევრისთვისაა ნაცნობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები