LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

20
ბუბა კიკაბიძე

17 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემა „არტ-FM“ ბუბა კიკაბიძის ხსოვნას მიეძღვნა. ცნობილმა ხელოვანებმა, მისი შემოქმედება და მასთან ერთად გატარებული წლები გაიხსენეს.

 ლიზა ბაგრატიონი 

ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი ბიძა იყო, თვითონ ლიზკას მეძახდა, მე კი ბუბიკოს ვეძახდი. ძალიან გულდასაწყვეტია, ასეთი არაჩვეულებრივი, მართლაც უნიკალური პიროვნების დაკარგვა, რომელმაც არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ იუმორის, ხასიათისა და ადამიანურობის წყალობით მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა. სამწუხაროდ, მსგავსი ეპოქალური ადამიანების გარდაცვალებით ის გამოცდილება და პროფესიონალიზმიც ქრება, რომელიც დღეს სულ უფრო დეფიციტურია. რა თქმა უნდა, უზარმაზარი სევდა დაგვიტოვა თავისი წასვლით, თუმცა თვითონ ხუმრობდა, „გია დანელია და გია ყანჩელი მელიან, ერთად უნდა ვითევზაოთ და დავლიოთ ჩაიო“.

ბედნიერი ვარ, რომ ბოლო 10 წელი აქტიურად ვმონაწილეობდი ბუბას საგასტროლო ცხოვრებაში, საკუთარი თვალით ვნახე, რამდენად დიდ პატივს სცემდა პუბლიკა მის შემოქმედებას. კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა, ვინც სპეციალურად მისთვის შეწუხდა. მოგვიანებით ჩვენ ვუნაწილებდით თაიგულებს მისი სახელით სასტუმროს მომსახურე პერსონალს. არაჩვეულებრივი იუმორი, ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და ბრწყინვალე მთხრობელი იყო, არაფერი ჯობდა მისი ისტორიების მოსმენას. მართალია, წლების მანძილზე ავადმყოფობდა, მაგრამ საოცრად ძლიერი პიროვნება იყო, დიალეზის შემდეგ გადიოდა სცენაზე და მართავდა კონცერტებს. ხშირად ვეუბნებოდი, რომ არავინ აღარ აწყობდა გრანდიოზულ გამოსვლებს, მაგრამ ჩვეულ რეპერტუარს მაინც არ ღალატობდა და სულ მცირე 20-25 სიმღერას ყოველთვის ასრულებდა.

ვფიქრობ, სწორედ კონცერტები იყო მისთვის მთავარი სტიმული, რომელიც ავადმყოფობის დაძლევაში ეხმარებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის მენეჯერსა და უახლოეს მეგობარს სოსო აბზიანიძეს, რომელიც მუდმივად უგეგმავდა კონცერტებს და სწორედ ასე უხანგრძლივებდა სიცოცხლეს. ყოველთვის უხალისოდ იწყებდა დღეს, თუმცა რადიკალურად იცვლებოდა სცენაზე გასული, როცა სავსე დარბაზის დანახვისთანავე ცოცხლდებოდა, ახალგაზრდული შემართებით მღეროდა და ყოველთვის დაუვიწყარ დღესასწაულს ჩუქნიდა თაყვანისმცემელს.

 

 ნანი ბრეგვაძე 

ბუბას გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რადგან მართლაც საოცარი პიროვნება დავკარგეთ, რომელიც ყველას უყვარდა და უზარმაზარ პატივს სცემდა. ბუბა ჩემთვის არა უბრალოდ ახლო მეგობარი, არამედ ოჯახის წევრი და უახლოესი ადამიანი იყო. პირველ რიგში, მისი მოკრძალებული ბუნება მინდა აღვნიშნო, რადგან პოპულარობის მიუხედავად, მაინც ბოლომდე შეინარჩუნა თავმდაბლობა. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, ირა ყოველთვის მის გვერდით იყო, ერთგულად ზრუნავდა და მაქსიმალურად უწყობდა ხელს მის შემოქმედებას. ბუბამ ძალიან განიცადა ირას გარდაცვალება და ვფიქრობ, სწორედ მისი დაკარგვა ვერ გადაიტანა.

მართლაც, სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და განსაკუთრებით აზერბაიჯანში. მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა. სხვათა შორის, მეც ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, მაგრამ რატომღაც ვერავინ მამჩნევდა. უამრავი სიმღერა გვაქვს ერთად ჩაწერილი. მართალია, ჩვენი ხმები არ უხდებოდა, მაგრამ მაინც ძალიან გვიყვარდა ერთად შესრულება.

 

 სოფო ნიჟარაძე 

პირველ რიგში, უზარმაზარ გულისტკივილს გამოვხატავ, რადგან მართლაც ლეგენდარული ადამიანი დავკარგეთ. ბატონი ბუბა არა მხოლოდ გენიალური არტისტი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარი იყო. სოლიდური ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მაინც უახლოეს მეგობრად ვთვლიდი, რადგან საოცრად უშუალო ადამიანი იყო ბრწყინვალე იუმორის გრძნობით. რამდენიმე თვის წინ ბათუმში მოწყობილ საღამოს გავიხსენებ, როცა ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც საოცარ ფორმაში იყო და ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა უზარმაზარი კონცერტი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო მის პროექტებში მონაწილეობა, პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას.

სამწუხაროდ, თბილისში დაგეგმილი ბოლო ორი კონცერტი გაუქმდა, რაც ძალიან არ მესიამოვნა, რადგან მივხვდი, რომ ყოველთვის ენერგიულს და შემართულს მხოლოდ ჯანმრთელობის დამძიმების შემთხვევაში შეეძლო კონცერტზე უარის თქმა. თუმცა, მჯეროდა, რომ გამოკეთდებოდა და გაზაფხულზე აუცილებლად მოაწყობდა დაპირებულ საღამოებს. მძიმე დანაკარგის მიუხედავად, ბუბა კიკაბიძე მაინც მარადიულია, რომლის სიმღერებმა და ფილმებმა ათწლეულების გამოცდას გაუძლო და სამუდამოდ იცოცხლებენ.

 

 სოსო აბზიანიძე 

23 წელია ბუბას მეგობარი ვარ, უბედნიერესი წლები გავატარე მასთან ერთად და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან სწორედ მან მასწავლა ადამიანების სიყვარული. ცნობილ გამოთქმას „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“ ბუბა კიკაბიძე განასახიერებდა ყველაზე კარგად, რადგან მართლა ის კაცი იყო, რომელსაც ქუდი ეხურა. 2008 წლის შემდეგ ბუბამ უარი თქვა რუსეთში კონცერტების მოწყობაზე, მართალია, რუსებს ძველებურად უნდოდათ მისი მოსმენა, მაგრამ ბუბამ მტკიცედ განაცხადა, რომ „იმ ხალხისთვის, ვინც მის ქვეყანაში ტანკებით შემოვიდა, აღარასდროს უმღერებდა“, ორდენიც კი დაუბრუნა უკან დიმიტრი მედვედევს, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი იყო. ყოველთვის სოლიდურ შემოსავალს სთავაზობდნენ, უმდიდრესი ადამიანი იქნებოდა რუსეთში რომ ეცხოვრა, მაგრამ ბოლომდე საკუთარ პრინციპების ერთგული დარჩა, სამაგიეროდ, რამდენიმე კონცერტი მოაწყო უკრაინაში, მეომარი ხალხის მხარდასაჭერად, მიღებული თანხით კი, ავტომობილი შეიძინა და სამხედროებს გადასცა დაჭრილების ტრანსპორტირებისთვის, სხვათა შორის, დღეს იმ ავტომობილს „ბუბას ტრანსპორტი“ ჰქვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები