LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათიკაშვილი: აქამდეც ვნახეთ 80-150-კაციანი აქციები.. ქართული საზოგადოებისთვის არახალია ენმ-ისა და მასთან აფილირებული ჯგუფების სურვილი, ქვეყანაში არეულობა მოაწყონ

127
დავით მათიკაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული [დაკავშირებული] ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საზოგადოებას თავს საკუთარი ტყუილები მოახვიოს და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. აღნიშნული განცხადებით, მათიკაშვილი 24 თებერვალს, ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. 

მისი შეფასებით, აქციებს, სადაც ტყუილის და თითიდან გამოწოვილი ამბების საზოგადოებისთვის თავს მოხვევაა დაგეგმილი, ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული ჯგუფების მცდელობა, ქვეყანაში არეულობა მოაწყონ და განვითარების ტემპი შეაფერხონ, ფიასკოსთვის არის განწირული.

„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“ – 24 თებერვალს აქცია დაანონსდა

„რადიკალური ოპოზიციისგან უამრავი სპეკულაცია, ტყუილი და საკუთარი დღის წესრიგის ხალხის დღის წესრიგად გასაღების მცდელობა გვაქვს მოსმენილი და ნანახიც. ქართული საზოგადოებისთვის არახალია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული ჯგუფების სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, ქაოსი შემოიტანონ და ქვეყნის განვითარების მდგრადი ტემპი შეაფერხონ. ასეთი მცდელობა აქამდეც ყოფილა, მაგრამ ყველა ეს მცდელობა ფიასკოსთვის არის განწირული, რადგან ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით, ამ პარტიების მხარდაჭერა ნულის ტოლია.

იდეებიც, რომლებსაც ეს ბატონები აჟღერებენ, საზოგადოების მოტყუების მცდელობაა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლის არჩევანი დიდი ხნის წინ არის გაკეთებული და სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ არის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ქვეყნის საგარეო კურსზე.

ძალა, რომელმაც ამ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ამ რადიკალურ პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, საკუთარი ტყუილები მოახვიოს თავს საზოგადოებას და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს.

აქციებს, სადაც ტყუილის და თითიდან გამოწოვილი ამბების საზოგადოებისთვის თავს მოხვევაა დაგეგმილი, ცხადია, ელექტორალური მხარდაჭერა ვერ ექნება. აქამდეც ვნახეთ 80-150-კაციანი აქციები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, დაანონსებული კი იყო, რომ ზღვა ხალხი უნდა მისულიყო.“ – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g