საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის მიერ CNN-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
როგორც გახარია აღნიშნავს, “ქართული ოცნება” ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-სა და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე.
„ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-სა და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო. დროა, დასავლეთი საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად გაერთიანდეს“, – წერს გახარია.
As part of Ivanishvili's anti-western propaganda, his party falsely accuses @CNN & @amanpour of conspiring against 🇬🇪 & Ivanishvili over a question on alleged involvement in helping Russia evade sanctions. Time for the West to stand united in support of 🇬🇪 democracy.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 23, 2023
ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ CNN-ის სიუჟეტზე ისაუბრა და განაცხადა:
“როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა”.
“CNN-ზე ითქვა ტყუილი, სერიოზული ძალის ინტერესია, შეგვიქმნას ხელოვნური პრობლემები” – ირაკლი კობახიძე