„გუშინდელი აქცია იყო ისტორიის გადაწერის მცდელობა, ანუ ისტორიაზე ჩამოკიდების მცდელობა ხაბეიშვილისა და სხვა ოპოზიციონერების მხრიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და თქვა, რომ გუშინ, ენმ-ის მიერ ორგანიზებული აქცია ვერ შედგა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მათ თავადაც იცოდნენ, რომ ეს აქცია წარუმატებლობისთვის იყო განწირული და ასეც მოხდა:
„არ გამოვრიცხავ, ლევან ხაბეიშვილმა ამის გამო მკაცრი საყვედურები მიიღოს. მერამდენედ ხდება, როცა ის იმუქრება ხან ციხე-სიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ საშინელ გაზაფხულს მოაწყობს, ხან ხელისუფლების გადაყენებას აანონსებს, ასეთი არასერიოზული განცხადებები უკვე არც გასაკვირია და არც – ახალი. გუშინდელი აქცია ვერ შედგა, რადგან იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა სანდო ლიდერები.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო.
რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები ვნახეთ. ვიდრე ბრიფინგი დაიწყებოდა, ორი ოპოზიციონერი იმაზე ჩხუბობდა, ვის უნდა დაეწყო ბრიფინგი. ასევე ვნახეთ, ქოლგის შტაბი, სადაც ის ხალხი შეიკრიბა, ვინც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდა.
ამ შტაბის დაშლაც ვნახეთ. ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული, მაგრამ როლების განაწილებისას ამომრჩეველს ატყუებენ და იმედგაცრუება მოაქვს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის.“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.