LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: არ შეიძლება პრეცედენტი დავუშვათ, რომ საკანონმდებლო ორგანომ შეამოწმოს, დაიბაროს მოსამართლეები

128
გურამ მაჭარაშვილი

„არ შეიძლება პრეცედენტი დავუშვათ, რომ საკანონმდებლო ორგანომ შეამოწმოს, დაიბაროს მოსამართლეები“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ რეფორმებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიები არ იქმნება.

სასამართლოზე დროებით საგამოძიებო კომისიას კენჭი ვერც დღეს უყარეს – „მოსამართლეების სოლიდარობის“ ნიშნად უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია ისევ არ გაიარეს

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ იგებს იმას, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უნდა ზრუნავდეს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა უზრუნველყოს.“

დეპუტატის მოსაზრებით, ეს არის მთელი ქვეყნის და პირველ რიგში, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საზრუნავი:

„შეიძლება კითხვები, პრეტენზიები გქონდეს, მაგრამ, თუნდაც პარტნიორი ქვეყნის ელჩი, აბსოლუტურად არგუმენტის გარეშე რომ ამბობს, კორუფციასთან დაკავშირებით უნდა დასანქცირდეს მოსამართლე, პარლამენტის წევრს კი კითხვა არ გიჩნდება და პირდაპირ ამბობ, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, ამავე დროს გიკვირს რატომ იცავს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოსამართლეებს და მოსამართლეების დამოუკიდებლობას, ეს არის სწორედ პრობლემა.

გუშინ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად სრული სერიოზულობით ეუბნებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩვენ ახლა კვარტალში და წელიწადში ერთხელ ძლივს შევიკრიბეთ 50 ადამიანი და რას ჰქვია გადადოთ კენჭისყრაო, ხვალ და ზეგ რაღა შეგვკრებსო?! ეს არის ჩვეულებრივი მონური ფსიქოლოგია, როცა შინაარსში არ შედიხარ და რა მნიშვნელობა აქვს შინაარსს, მთავარია, ეს თქვა აშშ-მა.

კობახიძე: ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

უმრავლესობის პოზიციაა, რომ არ შეიძლება პრეცედენტი დავუშვათ, რომ საკანონმდებლო ორგანომ შეამოწმოს, დაიბაროს მოსამართლეები და მათ შორის ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც დაიბაროს მოსამართლეები. ეს არის დაუშვებელი. არცერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ მომხდარა.

როცა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გინდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, უნდა დამარწმუნო, რომ კონკრეტული შემთხვევა არსებობს, არის კითხვები. ეს არ ყოფილა. რეფორმებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიები არ იქმნება.“– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

magti 5g